"სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ კერძო სადაზღვეო პაკეტები საყოველთაო დაზღვევის მომსახურებიდან გაიმიჯნოს"

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს რომ გაიმიჯნოს კერძო სადაზღვეო პაკეტები საყოველთაო დაზღვევის მომსახურებიდან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

”საერთოდ დაზღვევის პროდუქტების განვითარება კერძო სექტორის მიმართულებით პრიორიტეტულია. დღეს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს კერძო სადაზღვევო კომპანიები ემსახურებიან. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ერთად და მე მივესალმები ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ შეგვიძლია სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხი. დღესდღეობით კერძო სადაზღვევო პაკეტები მოქმედებს, მაგრამ ჯანდაცვა აქტიურად მუშაობს, რომ გაიმიჯნოს ეს ყველაფერი მკაფიოდ სახელმწიფო სადაზღვევო და საყოველთაო დაზღვევის მომსახურებიდან. ჩვენ ამ სისტემას შემდგომში კიდევ უფრო დავხვეწავთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.