კახა კალაძე - შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ზედმეტი ელექტროენერგიის თურქეთის გავლით ევროპაში გატანას შევძლებთ

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახა კალაძის თქმით, შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, საქართველო ზედმეტი ელექტროენერგიის თურქეთის გავლით ევროპაში გატანას შეძლებს. ამის შესახებ კალაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ მომავალ წლებში შევძლებთ და ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. მეტიც, როდესაც დავაკმაყოფილებთ შიდა მოთხოვნებს, ჩვენ შეგვეძლება ზედმეტი ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომლის განხორციელების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, ხოლო 2017 წელს ორი დამატებითი ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება, რის შემდეგაც კონკრეტულად გადაწყდება, რა მოცულობის ბუნებრივი აირის ჩაჭირხვნა იქნება შესაძლებელი აღნიშნულ ობიექტზე.

„ჩვენ ვფიქრობთ, 2017-2018 წლებისთვის დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და 2020 წლისთვის დასრულდება“, - დასძინა კალაძემ.