დიმიტრი ქუმსიშვილი - პროცედურები დაწყებულია, რათა მომავალ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალ საექსპორტო ბაზრებზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტში გამოსვლისას ქუმსიშვილმა განცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში მოახერხა და წარმატებით დაასრულა ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამჟამად დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა მომავალ წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს. მათ შორის, ქართული სასურსათო პროდუქცია და აგრომრეწველობის პროდუქტები - ღვინო, სპირტი და აგრეთვე მინერალური წყლები.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ტენდენციებია - 2016 წელს საქართველო ჩინეთის ბაზარზე ხუთი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვას ელოდება, საბაჟო მოსაკრებლის (დაახლოებით 42 პროცენტი) გაუქმების შემდეგ კი საქართველოში წარმოებული სპირტიან სასმელებთან მიმართებაში კარგი კონკურენტული უპირატესობა იქნება.