”ხელისუფლებისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა ეკონომიკა იქნება”

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა ეკონომიკა იქნება. კოვზანაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკური მიმართულებით მთავარი გამოწვევებიც დაასახელა.

”პროგრამა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ადეკვატურად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს ხელისუფლების წინაშეა. მე მინდა ჩამოვთვალო უახლოესი პერიოდის ძირითადი გამოწვევები რაც გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის წინაშე იქნება: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველია; ინფლაცია, უფრო ზუსტად კი დეფლაციურ პროცესებში შესვლის რისკი, რაც ნეგატიურად მოქმედებს და იმოქმედებს ეკონომიკურად ზრდაზე; ბიუჯეტის დეფიციტი - სწორედ ბიუჯეტი უნდა გახდეს ფინანსური უზრუნველყოფის სტაბილურობის ქვაკუთხედი უახლოესი წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ 1 იანვრიდან მოგების გადასახადის გადავადების მოდელზე გადავდივართ, რაც ე.წ. ესტონური მოდელია, რაც იქნება მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის; ლარის კურსი; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მისი ეტაპობრივი შემცირება და მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის წინაპირობა, რომელიც თავის მხრივ განპირობებულია უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტით. ეს ტრადიციული და გენეტიკური მემკვიდრეობაა ქართული ხელისუფლებისთვის; ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ფულად რესურსებზე წვდომა; დასაქმება და მათ შორის თვითდასაქმებულთა ხვედრითი წილის შემცირება და ეკონომიკიკაში სტრუქტურული ცვლილებები; ეკონომიკის დარგობრივი რესტრუქტურიზაცია; რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა; სივრცითი მოწყობის ძალიან ამბიციური გეგმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საპენსიო რეფორმა; მიწის რეფორმა და ა.შ.”, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, მომდევნო 4 წელი ნამდვილად არ იქნება იოლი არსებული ხელისუფლებისთვის.

”ბატონი გიორგი კვირიკაშვილისთვის და აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა იქნება ეკონომიკა. 5 წუთი ნამდვილად ცოტა იქნება იმისთვის რომ აღვწეროთ ეს გამოწვევები, რაც ქართული ხელისუფლებისთვის იქნება. მომდევნო 4 წელი ნამდვილად იოლი არ იქნება არსებული ხელისუფლებისთვის. თუ რეგიონს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ რეგიონის ქვეყნებში ადგილი აქვს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას, სანედლეულო ფასების შემცირებას, დეფლაციურ პროცესებს, რომელმაც საქართველოში იმპორტი შეამცირა, ასევე შეამცირა ამ ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალი საქართველოში, საფინანსო ბაზრები პრაქტიკულად მყიფეა და ნაკლებად პროგნოზირებადია”, - აღნიშნა კოვზანაძემ.