"ტურისტები მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული ობიექტების სანახავად ჩამოდიან"

ტურისტები ჩამოდიან ან ღმერთის ბოძებული ბუნების სანახავად, ან ჩვენი წინაპრების აშენებული ეკლესიების და კულტურის ძეგლების სანახავად, ან კიდევ 99 პროცენტით მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული ტურისტული ობიექტების სანახავად, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებსა და სამთავრობო გუნდს მიმართა და მოუწოდა, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ტურისტული პროექტები ვინმეს ჯიბრით არ უნდა გააჩერონ.

”4 წელია გეხვეწებოდით, რომ ჯერ არ გაგეჩერებინათ და შემდეგ ინტენსიურად გაგეგრეძელებინათ კარწახი-ახალქალაქის რკინიგზა. 4 წლის განმავლობაში გეხვეწებოდით, რომ დაბრუნებოდით თბილისის შემოვლით რკინიგზას. გეხვეწებოდით რომ მესტია - ლენტეხის შემაერთებელი გვირაბი სჭირდება იმ სფეროს განვითარებას, რომლითაც თქვენ ამაყობთ - ტურიზმს.

სხვათა შორის ტურიზმის განვითარებაში თქვენ არ მიგიძღვით წვლილი, იმიტომ რომ ტურისტები ჩამოდიან ან ღმერთის ბოძებული ბუნების სანახავად, ან ჩვენი წინაპრების აშენებული ეკლესიების და კულტურის ძეგლების სანახავად, ან კიდევ 99 პროცენტით მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული ტურისტული ობიექტების სანახავად. ასე რომ, თქვენი დამსახურება ამაში რა არის ვერ ვხვდები.

გეხვეწებოდით, რომ სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანაში არ უნდა მიმდინარეობდეს ნელი ტემპით ავტობანის მშენებლობა. 4 წლის განმავლობაში გეხვეწებოდით, რომ ისეთი საოცარი კურორტი, როგორიც არის წყალტუბო იქნას გამოყენებული. დღეს მადლობლები ვართ რომ როგორც იქნა მიხვდით, რომ ამ პროექტებს უნდა დაბრუნებოდით.

როგორც იქნა მიხვდით, რომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა გაგეგრძელებინათ, კარგია თუ მიხვდით, რომ ვინმეს ჯინაზე პროექტები არ უნდა გააჩეროთ. მაგრამ ამის შესმენა არ გინდოდათ და პასუხი იყო, რომ თქვენ ლაპარაკის უფლება არ გაქვთ”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ასე არ იქნებოდა, თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა ”ტყვეობიდან ვერ გამოდის, და ყველა წინადადებაზე, რაზეც პასუხი არ აქვთ 9 წელზე საუბარს იწყებს”.