დავით ბაქრაძე - თურმე ქართველებს უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი ვალუტა ლარია და არა ტენგე და ტუგრიკი, რომელიც უარესად გაუფასურდა

საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ, თუ მისთვის შეღავათია, რომ მონღოლეთში ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის დამტკიცებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.”ლართან დაკავშირებით მოვისმინე ის, რომ თურმე სხვაგან საქმე უფრო ცუდად არის, ამიტომ ჩვენ ქართველებს უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი ვალუტა ლარია და არა ტენგე და ტუგრიკი, რომელიც უარესად გაუფასურდა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას, ”არაკომპეტენტურად” და ”საშიშად” შეაფასა დედოლარიზაციის თაობაზე მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.

”რატომ არის დღეს ანაბრები დოლარებში?! - იმიტომ რომ, როცა შენი ვალუტა ოთხი წლის მანძილზე 50%-ით უფასურდება, ადამიანები მას აღარ ენდობიან. თუკი თქვენ ბანკებს დაავალდებულებთ, რომ კრედიტი დოლარის ნაცვლად, ლარში გასცეს, მოხდება ის, რომ კრედიტს ბანკი ან საერთოდ აღარ გასცემს ან საკუთარი რისკის დასაფარად პროცენტს გაზრდის და კრედიტს გაზრდილი პროცენტით გასცემს. რას ნიშნავს, როცა ბანკი დაკრედიტებას წყვეტს ან გაზრდილი პროცენტით აკრედიტებს ბიზნესს, ამას თავის თავზე ათიათასობით ადამიანი იგრძნობს - იგრძნობს, როგორც ამ ხელისუფლების მორიგ არასწორ, მავნებლურ ინიციატივას, როგორიც ბევრი უგრძვნია ამ ოთხი წლის განმავლობაში. მე ამ დარბაზში მოვისმენე, როცა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ბრძანებდა, რომ თურმე პრობლემა არის იმაში, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს და ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო, არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები. მე გულახდილათ ვაღიარებ, რომ ფინანსური ტრანზაქციების დაჰეჯერინება მთლად კარგად არ მესმის. ეჭვი მეპარება, რომ ეს ესმის საქართველოს მოსახლეობას. ახლა თვის ბოლოა, ათასობით ათას ადამიანს უწევს კრედიტის გადახდა და მე მათ ვურჩევდი, გამოიყენონ ფინანსთა მინისტრის კარგი რჩევა, მოახდინონ საკუთარი ტრანზაქციების დაჰეჯერინება და ამით შეიმსუბუქონ ლარის გაუფასურებით გამოწვეული ეფექტი”, - განაცხადა ბაქრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.