მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სანომრე ნიშანი

ავტომობილის სანომრე ნიშანი, რომელიც მხოლოდ ერთი ციფრისგან ”1” შედგება, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საავტომობილო ნომრების აუქციონზე 14 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

სანომრე ნიშნის იღბლიანი მფლობელი აბუ-დაბის მკვიდრი, 25 წლის მილიარდერი საიდ აბდულ ჰაფარ ჰოერი გახდა. ყველაზე ძვირად ღირებული სანომრე ნიშნის მფლობელმა განაცხადა, რომ თანახმა იყო 30 მილიონი დოლარიც გადაეხადა, იმისთვის რომ ეს სანომრე ნიშანი მისი გამხდარიყო.

საინტერესოა, რომ ლოტის სასტარტო ფასი ”მხოლოდ” 27 ათასი დოლარს შეადგენდა.

რომელ ავტომობილზე დააყენებს ახალგაზრდა მილიარდერი ამ ნომერს, ჯერჯერობით უცნობია.

აუქციონიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. საავტომობილო ნომრებისადმი ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმით არის განპირობებული, რომ ნომრის მფლობელს შეუძლია ის გაყიდოს ან ვინმეს უანდერძოს.

2007 წლის მაისიდან ექსკლუზიური სანომრე ნიშნების გაყიდვით 12 აუქციონიდან ქვეყნის დედაქალაქის საგზაო პოლიციის მიერ მიღებულმა თანხამ 136 მილიონ დოლარს გადააჭარბა.