როგორი იქნება 2017 წლის სარეკლამო ბაზარი

გამოცემა „ფორბსმა“ 2017 წლის სარეკლამო ბაზრის განვითარების პროგნოზები წარმოადგინა.

პროგნოზების წამყვანი მარკეტინგული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და მარკეტოლოგები აკეთებენ.

სააგენტო Demandbase-ის დირექტორის კრის გოლეკის პროგნოზით, 2017 წელს ხელოვნური ინტელექტის წყალობით ჩვენ მივიღებთ რეკლამას, რომელიც რეალურ დროში მომხმარებლის სპეციფიკურ ინტერესებში იქნება ადაპტირებული.

„გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ტრადიციულ email-მარკეტინგს პოპულარობას დაუკარგავს პერსონალიზირებული კომუნიკაციის შექმნის წყალობით. ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიხედვით, ჩვენ უნდა ველოდოთ სხვადასხვა სარეკლამო სისტემების განვითარებას“, - განაცხადა კრის გოლეკმა.

მარკეტოლოგი მაიკლ შინელი მიიჩნევს, რომ დიზაინი გახდება ახალი „დიდი მონაცემი“. მისი თქმით, მონაცემები გახდა ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც ყველას სჭირდება.

„ბრენდები ცდილობენ გამოიყენონ მონაცემთა ანალიზი ფაქტობრივად თავიანთ ყველა გადაწყვეტილებაში. ეს მიდგომა მომავალში ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს დიზაინსა და შემოქმედებას. დიზაინი გახდება ერთგვარი Big Data, როგორც თავის დროზე დიდ მონაცემები გახდა ნორმა“, - აღნიშნავს მაიკლ შინელი.

სატელეკომუნიკაციო კომპანია Juniper Networks-ის მარკეტინგის დირექტორის მაიე მარჩილინის პროგნოზით, 2017 წელი დამეგობრებული მტრების(Frenemies – friend – მეგობარი, Enemy - მტერი) წელი გახდება.

„ჩვენ უკვე ვხედავთ იმის მაგალითებს, როგორ ერთიანდებიან მსხვილი ტექნოლოგიური მოთამაშეები ბაზარზე, რათა თავიანთი საქმიანობა გააუმჯობესონ. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, აუცილებელია გავაერთიანოთ საკუთარი ძალისხმევა ჩვენს მთავარ კონკურენტებთანაც კი“, - ამბობს მაიე მარჩილინი.

„ფორბსის“ მარკეტინგის დირექტორის სტივ ოლენსკის განცხადებით, მარკეტოლოგებმა უნდა შეწყვიტონ ყველაფრის გართულება.

„ყოველდღიურად მაოცებს, როცა ვისმენ უამრავი მომხმარებლის საჩივარს, რომელთაც იმ კონტენტის გაცნობა უწევთ, რომელიც არ აინტერესებთ. დროა, ეს დამთავრდეს. მარკეტოლოგებმა უნდა გაამარტივონ კონტენტი. თუმცა, ვშიშობ, 2017 წელს კვლავაც გააგრძელებენ ყველაფრის ერთბაშად შეთავაზებს მომხმარებლისთვის იმის ნაცვლად, რომ შეთავაზონ მომხმარებელს კონკრეტულად ის, რაც აინტერესებთ“, - აღნიშნავს „ფორბსის“ მარკეტინგის დირექტორი.

ამერიკელი მარკეტოლოგის სიუზან რობერტსონის თქმით, 2017 წელს ბიზნესმენებმა უნდა გაანალიზონ და გამოიკვლიონ სხვაობა ორ მთავარ ჯგუფს შორის - ახალგაზრდა თაობასა და 1950-60-იან წლებში დაბადებულებს შორის, რათა წარმატებას მიაღწიოთ.

„ამჟამად ახალგაზრდა თაობა (მილენიალები) მყიდველთა 25%-ს შეადგენს, ბეიბიბუმერები კი (1950-60-იან წლებში დაბადებულები) 50%-ს წარმოადგენენ. ამიტომ აუცილებელია ბიზნესმა გამოიკვლიოს სხვაობა ამ ორ ჯგუფს შორის. ბიზნესი, რომელიც ამას შეძლებს და გაარკვევს ამ ორი სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს, აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას“, - აღნიშნავს სიუზან რობერტსონი.