ევროპაში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 13,4%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროპაში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 13,4%-ით 18,6 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

IAB Europe-ის კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი რამდენიმე მილიარდით აღემატება 2015 წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელს - 16,4 მილიარდ ევროს. კვლევის ავტორთა განცხადებით, თუ ინტერნეტ რეკლამის ბაზრის დინამიკას შევხედავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2016 წლის მეორე კვარტალში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების მაჩვენებელი გაორმაგდება.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების გაზრდაში დიდი წილი მობილურ რეკლამას უჭირავს - 61,3%, 37% კი ე.წ. დისპლეი რეკლამაზე მოდის.

რაც შეეხება ონლაინ ვიდეორეკლამას, რეკლამისდამკვეთთა, მედია სააგენტოებისა და გამომცემელთა 90%-ზე მეტის განცხადებით, ისინი აქტიურად იყენებენ ამ არხს. შესაბამისად, ევროპაში ონლაინ ვიდეორეკლამის შემოსავალი პირველ კვარტალში 46%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„2010 წლის შემდეგ პირველად, ევროპის წამყვან 5 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახა პირველ კვარტალში ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდაზე. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მარკეტერები აცნობიერებენ ინტერნეტ რეკლამის პოტენციალსა და მნიშვნელობას თავიანთი ბრენდის რეკლამირებისთვის“, - განაცხადა IAB Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტაუნსენდ ფიანმა.