„ბიზნესის მიზანი უნდა იყოს კამპანიის წარმოება, რომელიც სარგებელს მოუტანს სამყაროს და ასე გახდის პოპულარულს კომპანიას“

”მისიის ადამიანმა” თომას ქოლსთერმა საქართველოში პირველი საჯარო ლექცია -„მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები” ჩაატარა. ქოლსთერის განმარტებით, საზოგადოების ცნობიერება შეცვლილია. მათ ქცევასა და გადაწყვეტილებებს თანამედროვე ცხოვრებაში სულ სხვა ტიპის გზავნილები განაპირობებს. შეიცვალა კომპანიების მიმართ საზოგადოების მოლოდინიც.

”ამ გამოწვევებს სწორედ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის დახმარებით უნდა უპასუხოს ბიზნესსაზოგადოებამ. ბიზნესმა თანხა სტანდარტულ მარკეტინგულ კამპანიებში აღარ უნდა დახარჯოს. კომპანიები მოგებისთვის მუშაობენ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რამხელა ზიანს აყენებენ გარემოს. ამიტომ სარეკლამო თანხები სწორედ საზოგადოებისა და სამყაროსთვის სასარგებლო აქტივობებში უნდა დახარჯოს. ესაა ბიზნესის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა,” - განმარტავს თომას ქოლსთერი.

”ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ თომას ქოლსთერის მოსაზრებებს ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

• მომხმარებელთა ცნობიერება შეცვლილია. მათ ქცევასა და გადაწყვეტილებებს ახლა სულ სხვა ტიპის გზავნილები განაპირობებს. სტანდარტული რეკლამა მათზე გავლენას ვეღარ ახდენს. შეიცვალა კომპანიათა მიმართ საზოგადოების მოლოდინიც.

• ბრენდები მუშაობენ მოგებაზე. მაგრამ ისინი არ ფიქრობენ რამხელა ზარალს აყენებენ გარემოს. ბიზნესის მეორე, ნეგატიური მხარე ყველას ავიწყდება. კვლევების თანახმად, რეკლამაში ჩადებული 1 დოლარი გაექვსმაგებული უბრუნდება კომპანიას. უნდა შეიცვალოს მიდგომა, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და კომპანიებმა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ.

• ხალხს ეზიზღება რეკლამა და ყოველთვის ცდილობს, გადაახვიოს ან გამოტოვოს ის. დღეს მარკეტერების მთავარი გამოწვევაა, რომ რეკლამა აყურებინოს საზოგადოებას. ამის საუკეთესო საშუალება სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობაა.

• დღეს მსოფლიო 5 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას. ესენია: ურბანიზაცია, დემოგრაფიული ცვლილებები, კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკური ცვლილებები და დიგიტალიზაცია. კომპანიები თავისი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობით სწორედ ამ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდნენ. მათ ფული არ უნდა ხარჯონ სტანდარტულ რეკლამაში, რომელსაც დღეს აღარავინ უყურებს. ბიზნესის მიზანი უნდა იყო კამპანიის წარმოება, რომელიც სარგებელს მოუტანს სამყაროს და ასე გახდის პოპულარულსა და მოთხოვნადს კომპანიას.

• American Express იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე ფიქრი დაიწყო და პრაქტიკაში განახორციელა. მათ მთავარი მესიჯი შემდეგი იყო: ვინც გამოიყენებდა American Express-ს, ის ხელს შეუწყობდა თავისუფლების ქანდაკების განახლებას.

• ”პეპსისა” და ”კოკა-კოლას” შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. ორივე კომპანია დიდ თანხას ხარჯავს რეკლამაში. მაგრამ მათ შორის დაპირისპირება საბოლოოდ გადაწონა პეპსის კამპანიამ Pepsi Refresh Project, რომელიც სოციალური კორპორაციული პასუხისმეგბლობის ფარგლებში განახორციელა. მისი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ”პეპსის” მომხმარებლები გარემოს ასუფთავებენ და ზრუნავენ მასზე. აქტიურად ვრცელდებოდა ამის სარეკლამო რგოლები. ”კოკა-კოლამაც” სცადა მსგავსი პროექტის განხორციელება. მან ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც პლასტმასის ბოთლების გადამუშავების სისტემა არ იყო მოწესრიგებული, შეიტანა ექვსი აპარატი, რომელიც იღებდა ბოთლებს და სანაცვლოდ, თამაშში რთავდა მათ მფლობელებს. მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ ექვს ადგილზე და ექვს ლოკაციაზე, ამიტომ საზოგადოებაზე რეალური გავლენა არ იქონია. ”პეპსის” კამპანია კი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. სწორედ ეს არის რეალური სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა.

თომას ქოლსთერი, რომელსაც „შთამაგონებელ ნოვატორს”, „ინსპირაციულ ლიდერს“ და „მისიის ადამიანს” უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ექსპერტია კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. ის არის ავტორი კონცეფციისა “Goodvertising”, რომელიც შეცვლილ საკომუნიკაციო სივრცეში ახალ მიმდინარეობად გადაიქცა.

ნანა მღერიშვილი