მომავალი წლიდან ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება

2017 წლიდან ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. საწარმოს 2014 წელს ჩამოყალიბებული, 28 წევრისგან შემდგარი კოოპერატივი „მთის გემო“ აშენებს. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელმა გიორგი შავაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საწარმო ფუნქციონირებას სავარაუდოდ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს.

„ამ ეტაპზე შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ საწარმოში მიმდინარე სამუშაოები 15 დეკემბრისთვის დასრულდება. სავარაუდოდ, 2 თვეში უკვე ამოქმედდება კიდეც,“ - აღნიშნა შავაძემ.

მისივე თქმით, რძეს ძირითადად კოოპერატივის წევრებისგან ჩაიბარებენ, რომელთაც ამ დროისათვის 300 სულამდე მეწველი ფური ჰყავთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნორმა ვერ შესრულდება, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგანაც იყიდიან.

საწარმოში, რომელიც სოფელ დიდ ზანავში შენდება და რომლის წარმადობა დღეში 3 ტონაა, დაახლოებით 10 ადამიანი, ძირითადად კოოპერატივის წევრები დასაქმდებიან.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, შენობის მშენებლობა და მოწყობა კოოპერატივს 70 ათასი ლარი დაუჯდა. ამოქმედების შემდეგ კი 100-120 ათასი ლარის ღირებულების აპარატურას სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღებენ.

თაია არდოტელი