ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას 5 რეკომენდაციას აძლევს

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს. ექსპერტის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსური სტაბილურობის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ლევან კალანდაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს: მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეეზღუდოს; სახელმწიფოს მხარდაჭერით და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნესსესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს; 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს; სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო; შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას.

ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ ლარს მიიღებს.