ქართველმა მოსწავლეებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ოპერაციას დისტანციურად გააკეთებს

რობოტი, რომელიც ოპერაციას გააკეთებს ან ხანძარს ჩააქრობს, ორმა ქართველმა მოსწავლე-გამომგონებელმა შექმნა. პროექტის სახელია "დისტანციური რეალობა", ანუ მოწყობილობას რეალობა ერთი ადგილიდან მეორეზე დისტანციურად გადააქვს.

"ჩვენი გამოგონება ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ვირტუალური რეალობის უკვე კარგად ცნობილი სათვალის მსგავსი მოწყობილობა. მას იკეთებს ადამიანი და მეორეა რობოტი, რომელიც ამ ადამიანის მოძრაობას ზუსტად იმეორებს. ადამიანს დამატებით ხელებსა და ფეხებზე სენსორებიც უმაგრდება, რაც უზრუნველყოფს, რომ რობოტის მოძრაობა უშეცდომო იყოს," - AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს მოსწავლე გამომგონებელი ირაკლი ყაზაიშვილი.

ამჟამად, რობოტისთვის ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტით ხდება. თუმცა, სამომავლოდ ეს რადიოს საშუალებითაც შესაძლებელი იქნება. ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დისტანციაზეა შესაძლებელი, მაგრამ ძალიან სწრაფი ინტერნეტი სჭირდება, რადგან დიდი ინფორმაციის გადატანა ხდება.

"ჩვენი მიზანია, რომ ამ მექანიზმმა ადამიანი შეცვალოს კრიტიკულ სიტუაციაში. მან შეიძლება ოპერაციაც გააკეთოს. ჩვენი სათვალითა და სენსორებით აღჭურვილი ექიმი გააკეთებს ოპერაციას, რობოტი კი მას იდენტურად გაიმეორებს და მეორე ოპერაციას ჩაატარებს. მაგალითად, ეს რობოტი შეიძლება შევუშვათ ისეთ ხანძარში, რომელიც მეხანძრის სიცოცხლისთვის სახიფათოა. რადიაციის დროსაც შეიძლება მისი გამოყენება, რადგან ის ადამიანისთვის ძალიან საშიშია. მისი გაგზავნა კოსმოსშიცაა შესაძლებელი," - აღნიშნავს ყაზაიშვილი.

რობოტს ადამიანის ფორმა ექნება. მოსწავლე გამომგონებლების გათვლით, ასე უფრო მარტივად შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. თუმცა, მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ფეხების მაგივრად ტანკის მუხლუხოები ან ჩვეულებრივი ბორბლები დაუმაგრონ. ის შეიძლება მფრინავიც იყოს. ბიჭების განმარტებით, "დისტანციური რეალობის" მთავარი უპირატესობა მსგავს პროექტებთან შედარებით ის არის, რომ რობოტს არ სჭირდება გაწვრთნა და კონტროლი. ის ადამიანის მოძრაობას იმეორებს და დამოუკიდებლად არაფერს აკეთებს. მეტი სიზუსტისთვის მასზე კამერისა და დინამიკების დამაგრებასაც აპირებენ.

"ჯერჯერობით ჩვენს რობოტს თავი და კისერი აქვს. დამზადებული გვაქვს მარჯვენა ხელიც, მაგრამ ჯერ შესაერთებელია. მოტორები, რომლებიც ხელების და ფეხებისთვის გვჭირდება, საკმაოდ ძვირია. ამიტომ ჯერჯერობით პროექტზე მუშაობას ვეღარ ვაგრძელებთ," - გვეუბნება ირაკლი ყაზაიშვილი.

ირაკლი ყაზაიშვილი და გიორგი ჯიქიძე პროექტზე გაზაფხულიდან მუშაობენ. მოსწავლე-გამომგონებლებს სრულად აქვთ დაწერილი პროგრამა, რაც მათთვის ერთ-ერთი რთული ეტაპი იყო.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE