100-მდე ქართული პროდუქტი შესაძლოა გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდეს

რაჭული ლორი, ხარაგაულის სოკო ნიყვი, ლაგოდეხის საზამთრო, ჭოპორტის პომიდორი, ჯამში 100 -ზე მეტი პროდუქტი შესაძლოა, გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდეს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ საქპატენტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ გოგილიძეს ესაუბრა. მისივე ცნობით, ამჟამად, საქართველოში წარმოებული 50 -მდე პროდუქტია რეგისტრირებული როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, მაგალითად, მუკუზანი, ხვანჭკარა და ა.შ. რომელთა დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩავატარეთ კვლევა რეგიონების მიხედვით იმ პროდუქტების გამოსავლენად, რომელთაც გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის პოტენციალი აქვთ, „ეს ინფორმაცია დავყავით ორ ჯგუფად - ერთი შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, რაც შიდა ბაზარზე ამ პროდუქტების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს და მეორე - ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტები.

„კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ სამეგრელოს ზოგი რაიონიდან კივი გადის გერმანიაში და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მართლაც განსხვავებული გემო და განსაკუთრებული თვისებები აქვს. ასევე ჭოპორტის პომიდორი, რომლის ექსპორტზე გატანა საჭირო არ არის და ადგილობრივი ბაზრის მთლიანად დაკმაყოფილების პოტენციალი აქვს,“ - აღნიშნავს გოგილიძე.

მისივე თქმით, გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცულ პროდუქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ რეგიონული განვითარების კუთხით, რადგან აღნიშნული პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლინად რეგიონს უბრუნდება.

ამასთან, ეს არის გასაღები ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასაყიდად, რადგან გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცული პროდუქტების შემთხვევაში ევროპელმა მომხმარებელმა იცის, რომ ის არის ხარისხიანი, განსაკუთრებული და განსხვავებული გემოს მატარებელი.

„ვმუშაობთ ასევე, ამ სახით დაცული პროდუქციის რეალიზაციის და წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით. გვინდა სუპერმარკეტებში ცალკე კუთხე გამოიყოს ამ პროდუქტებისთვის, რადგან მათ პოპულარობას შევუწყოთ ხელი.

„აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა ქვეყნის ტურიზმსაც ეხმარება, რადგან მომხმარებელს იმ რეგიონში იზიდავს, სადაც პროდუქცია მზადდება. ასეთი რამდენიმე პროდუქტი გვაქვს საქართველოში. მაგალითად, ბევრი ტურისტი ვიცი, ვინც რაჭაში სოფელ ხვანჭკარაში მიდის ვენახის სანახავად,”-აღნიშნა გოგილიძემ.

მისივე თქმით, ცალკე საკითხია, გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვა და ამ რეგისტრაციებზე უფლებების აღსრულება, რასაც დღეს მხოლოდ სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„ახლა ესტონეთთან გვაქვს მოლაპარაკებები ქინძმარაულთან და ხვანჭკარასთან დაკავშირებით, რადგან ამ ღვინოების ფალსიფიცირება ხდება ესტონეთში. საკითხის მოგვარებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით, ურთიერთდიალოგისა და შეთანხმების საფუძველზე ვცდილობთ,“-ამბობს გოგილიძე.

თაია არდოტელი