ირაკლი ყიფიანი - მთავრობის ინიციატივა ლარში სესხის აღებას გააძვირებს

ლარში სესხის აღება გაძვირდება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კერძო ბანკებს ლარის გრძელვადიანი რესურსები არ გააჩნიათ , - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიცე-პრემიერის ინიციატივა, რომ დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა მოხდება, უკურეაქციას გამოიწვევს, რადგან კერძო ბანკები ლართან მიმართებით პროცენტის გაზრდას დაიწყებენ. ყოფიანის განცხადებითვე, ეროვნული ვალუტის გამყარების ერთადერთი გზა ინვესტიციების მოცულობის გაზრდაა, ხოლო მთავრობას საკითხთან მიმართებით, მეტი კვალიფიციურობისკენ მოუწოდებს.

”ჰეჯირება ლარზე მეტად მთავრობას სჭირდება. მთავრობის მხრიდან, არაკვალიფიციური ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებები გაცილებით ნეგატიურად აისახება, ვიდრე სხვა პროცესები. ვიცე-პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადება მიჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას პრობლემა აქვს ეკონომიკურ გუნდში. რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას ეხება, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მთავრობამ ხალხს უთხრა, რომ მე თქვენ გაგირთულებთ დოლარში სესხის აღებას, სამაგიეროდ ლარში გაგიძვირდებათ სესხის აღება. რეალურად, ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ ლარში სესხის აღება გაძვირდება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კერძო ბანკებს ლარის გრძელვადიანი რესურსები არ გააჩნიათ. მათ მიერ ლარის მოზიდვის ერთადერთი შესაძლებლობა იქნება, ბაზარზე გაზარდონ პროცენტი ლართან მიმართებით. არსებულ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი არის ეკონომიკის განვითარების კუთხით სწრაფი რეფორმების გატარება. თუ გვსურს ლარის კურსი დასტაბილურდეს და კლება აისახოს, ამისათვის საჭიროა მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობის დახმარებით, დოლარში აღებული კრედიტები ლარში გადავიდეს. „ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმის, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება”, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დეტალებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები უახლოეს მომავალში წარმოადგენენ.