საქართველოდან ავტომობილები უკრაინაშიც იგზავნება

საავტომობილო ბიზნესში რეექსპორტის მიმართულებით სიახლეებია. ტრადიციული ბაზრები თითქმის დაკარგულია, მაგრამ ახალი მიმართულება გამოიკვეთა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ სულ ახლახან, რეექსპორტის მცირე შესაძლებლობა გაჩნდა უკრაინაში. როგორც იმპორტიორები ამბობენ, ამ საქმიანობით მხოლოდ მცირე სეგმენტია დაკავებული, თანაც ინტერესი მხოლოდ კონკრეტული მარკის მიმართაა. ასეთი ავტომობილია "პასატი". უკრაინელები რატომღაც სწორედ ამ მოდელით ინტერესდებიან. ამერიკიდან ჩამოყვანილი ყოველი 10 მანქანიდან 4-5 უკრაინის ბაზარზე მიდის.

საბოლოო ჯამში, ექსპერტებიც და იმპორტიორებიც თანხმდებიან, რომ უკრაინის ბაზარზე ავტომობილების გაყვანას დიდი პერსპექტივა არ აქვს და როგორც კი რეგულაციები გამკაცრდება, შესაძლოა, რეექსპორტიც შეწყდეს.

საავტომობილო ბაზრის სპეციალისტი დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ 2017 წლიდან ავტომობილის რეექსპორტიც, იმპორტიც და რეალიზაციაც შემცირდება, რადგან ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება უკრაინის ბაზარს, ინტერესი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციის სიმარტივეს უკავშირდება. მისი ვარაუდით, როგორც კი მძღოლებს ადმინისტრაციული შეზღუდვა დაუწესდებათ, ქართული ბაზრის მიმართ ინტერესს დაკარგავენ.

"უკრაინაში მანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით ნამდვილად მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ პროცესს დიდი მომავალი, ალბათ, მაინც არ აქვს. ჩემი აზრით, ვერ მივაღწევთ განსაკუთრებულ შედეგს, რადგან კანონმდებლობის დონეზე მიდგომა აუცილებლად შეიცვლება და ამის შემდეგ საქართველოში მანქანის შეძენა უკრაინელებს აღარ მოუნდებათ.

საქმე ისაა, რომ არის ერთი დეტალი - დღესდღეობით ავტომობილის გადაფორმება არ არის სავალდებულო. უკრაინის მოქალაქეს შეუძლია საერთოდაც არ დაარეგისტრიროს ავტომობილი თავის ქვეყანაში, ანუ საქართველოს ნომრით იმოძრაოს, რისთვისაც წელიწადში ერთხელ მოუწევს საზღვრის გადმოკვეთა. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია ინტერესი ქართული საავტომობილო ბაზრის მიმართ, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და უკრაინის მთავრობას გარკვეული რეგულაციის შემოღება მოუწევს", - განმარტავს მესხიშვილი.

ამდენად, როგორც ექსპერტი ვარაუდობს, უკრაინაში ავტომობილების რეექსპორტზე იმედის დამყარება ნამდვილად არ გამოგვადგება.

"სხვა რომ არაფერი, გეოგრაფიული მდებარეობაც კმარა არგუმენტად, რის გამოც რეექსპორტს უკრაინის ბაზარზე ვერ განვახორციელებთ. აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს პროცესი წარმატებული სწორედ სახმელეთო საზღვრის გამო იყო, რაც უკრაინასთან ნამდვილად არ გაგვაჩნია. ამ ქვეყანამ მიიღო "ევრო-4"-ის სტანდარტი და მანქანის წლოვანებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვა არსებობს. საქართველოშიც მზადდება რეფორმა, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად და ძალიან მომწონს, თუკი რეალურად განხორციელდება.

სამომავლოდ ჩვენ უფრო სხვა ტიპის სავაჭრო ურთიერთობებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება. ალბათ, ავტომობილები უახლოეს მომავალში გაძვირდება, რადგან მარჯვენასაჭიანების აკრძალვა მოხდება და მოიმატებს სხვა კატეგორიის ავტომობილებზე მოთხოვნა. ტექდათვალიერების ვალდებულებიდან გამომდინარე, ყველა შეეცდება ისეთი მანქანის შეძენას, რომელიც ზედმეტ დანახარჯს არ მოითხოვს. ასეთი კი ძვირი ღირს.

რეალიზაცია აშკარად დაიწყებს კლებას. ამასთან, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს. ავტორეექსპორტის მხრივ დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ზოგადად საავტომობილო ბაზრის მიმართ დამოკიდებულება ბევრმა ქვეყანამ შეცვალა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით სტანდარტებისა და საერთაშორისო მოთხოვნის გარეშე", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

იმპორტიორების ინფორმაციით, უკრაინელთა მხრიდან მოთხოვნა ერთ კონკრეტულ მოდელზეა. ესაა "ფოლკსვაგენ პასატი", რომელსაც უკრაინელი იმპორტიორები საქართველოში შედარებით იაფად ყიდულობენ და უკრაინაში კარგი მოგებით ყიდიან. როგორც "რობანო მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, იმპორტიორების გარდა, "პასატს" ქართულ ბაზარზე კერძო პირებიც ყიდულობენ.

"საავტომობილო ბიზნესში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. უკრაინელები ამერიკიდან ჩამოყვანილ "პასატის" მოდელებს ყიდულობენ. ესეც იმიტომ, რომ ჩვენთან იაფია. როდესაც 2013-წლიანი მანქანა განბაჟებით 7000 დოლარი ღირს, მყიდველისთვის დიდი შეღავათია. ამიტომაა, რომ ყოველი 10 "პასატიდან" 4-5 უკრაინელებს მიჰყავთ. რეალიზაციის საერთო მასშტაბებიდან გამომდინარე, ავტოიმპორტისთვის ეს მაჩვენებელი დიდი არაფერია. ბიზნესისთვის ეს შვება ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, მანქანები გაყიდვის მიზნით მიჰყავთ. ნაკლებად სავარაუდოა, ეს ურთიერთობა გაღრმავდეს", - აცხადებს ჯამაგიძე.

იმპორტიორი არ მალავს, რომ საავტომობილო ბიზნესს საქართველოში განვითარების პერსპექტივა არ აქვს და სანამ მთავრობა ამ მიმართულებით ძირეულ ცვლილებას არ მოახდენს, რეალურად არაფერი შეიცვლება.

"გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, თანაც წლის ბოლოა და ცვლილებას არ ველოდები. საბოლოოდ, ავტობიზნესის ბედი მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ეკონომიკურ კურსს აიღებს მთავრობა, რის შემდეგაც შეგვეძლება მსჯელობა. სახელმწიფოს დონეზე არაფერი ხდება, რეალიზაციას დილერები დამოუკიდებლად ახერხებენ.

სიმართლე გითხრათ, უკრაინასთან დიდი პერსპექტივა არ გვაქვს. ისინი მანქანებს ევროპის ქვეყნებიდან ყიდულობენ, მაგრამ აწყობთ, რომ ამერიკული ბრენდები საქართველოში შეიძინონ. საბოლოოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შევინარჩუნებთ კონკურენტუნარიანობას საავტომობილო ბიზნესში. რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, ვითარება ნამდვილად მძიმეა", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"