”ლუმოსი” - ჯადოსნური სანათები

„ჯადოსნური სანათები“ საქართველოში ერთი თვეა რაც გამოჩნდა. ბიზნესის წამოწყების და დეკორატიული სანათების შექმნის იდეა პროფესიით ეკონომისტ ბექა ტაბატაძეს და გრაფიკულ დიზაინერ ნინო ლეკიშვილს რამდენიმე ხნის წინ გაუჩნდათ.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ”ბიზნესპრესნიუსს” სანათების შექმნის ისტორიაზე ესაუბრა:

”ზოგადად ხესთან მუშაობა ყოველთვის მიყვარდა. ოთახის მინიმალისტურ და დეკორატიულ აქსესუარებს, მათ შორის სანათებს, ჩემთვის ვაკეთებდი. დღესდღეობით, ბაზარზე ხელნაკეთ, ორიგინალურ ნივთებზე დიდი მოთხოვნაა, რამაც ჩემი პროდუქტის ბიზნესად გარდაქმნა გადამაწყვეტინა. დასაწყისისთვის ვიფიქრე, რომ ჯობდა ერთ კონკრეტულ ხაზს გავყოლოდი, ამ შემთხვევაში დეკორატიული სანათები შევარჩიე. ამ საქმით მე და ჩემი მეგობარი ვართ დაკავებულები. როდესაც ამ ბიზნესის იდეა მომივიდა, მჭირდებოდა ლოგო და ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე ნინოს ვთხოვე დახმარება”, - ამბობს ბექა ტაბატაძე, „ლუმოსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

”ლუმოსი” - სინათლის შელოცვა, რომელიც ”ჰარი პოტერის ყველა ნაწილში” გამოიყენება, დეკორატიული სანათების სახელწოდებაა. მეგობრები ”ჰარი პოტერის” მოყვარულები არიან და როდესაც სანათების შექმანზე მიდგა საქმე, როგორც ბექა ტაბატაძე ამბობს, მათ პირველივე ჯერზე ”სინათლის შელოცვა” მოუვიდათ აზრად და თავიანთ ბიზნესს სახელად ეს ჯადოსნური სახელწოდება შეურჩიეს.

სამომავლოდ ახალგაზრდები გეგმავენ, რომ დეკორატიული სანათების ანთება ხმოვან სიგნალს დაუკავშირონ ისე, როგორც ”ჰარი პოტერშია”.

„წარმოთქვამ ჯადოსნურ სიტყვას ”ლომუს” და ნათურა აინთება, თუ ჩაქრობა გინდა, მაშინ ”ნოქსი” უნდა თქვა“, - ამბობს ბექა ტაბატაძე.

”ლომუსში” პროდუქციას მხოლოდ ხის მასალისგან ამზადებენ. დეკორატიული სანათის დამზადება მომხმარებელს თავისი დიზაინითაც შეუძლია. ნივთების შეძენა ინტერნეტ-მაღაზიით არის შესაძლებელი.

”პროდუქციას მხოლოდ ხის მასალისგან ვამზადებთ და არანაირ მეტალს არ ვიყენებთ, ვცდილობთ ხელნაკეთის იერი მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ. მასალების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან გვინდა მხოლოდ სტრუქტურიანი ხე გამოვიყენოთ, რაც სამწუხაროდ, რთული მოსაპოვებელია. ამ ეტაპზე მხოლოდ ინტერნეტ მაღაზია გვაქვს და ალბათ, იმ სეგმენტზე ვმუშაობთ, რომლისთვისაც ოთახის მინიმალისტური დეკორაციები და ხელნაკეთი ნივთები მნიშვნელოვანია. ვყიდით როგორც მზა პროდუქციას, ჩვენი დიზაინით, ასევე ვიღებთ შეკვეთებს და სანათებს მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინით ვამზადებთ. საზღვარგარეთ ჯერჯერობით ვერ გაგვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს შევძლებთ იმ რაოდენობით წარმოებას, რომ ჩვენი ბაზარიც მოვამარაგოთ და ექსპორტზეც გავიტანოთ”, - ამბობს ბექა ტაბატაძე.

დეკორატიული სანათების შემქმნელი პირველ წარმატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წარმატება იდეაზეა დამოკიდებული.

”ჯერჯერობით კიდევ ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმატებული ბიზნესია, რადგან ძალიან მცირე დროა რაც ბაზარზე გამოვჩნდით. ალბათ მაშინ უფრო გამიჩნდა წარმატების გრძნობა, როცა პირველ მომხმარებელს უარი ვუთხარი იმის გამო, რომ მზა პროდუქციის მარაგი უკვე ამოწურული მქონდა. ჩემი აზრით, წარმატება პირველ რიგში იდეაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სჭირდება ეს ხალხს, წარმატებას ასევე დიზაინი, ხარისხი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფასები განაპირობებს”, - აღნიშნავს „ლუმუსის“ დამფუძნებელი.

”ლუმოსი” სამომავლოდ სფეროს გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამაარსებელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, მომავალში სანათებთან ერთად, ხისგან დამზადებული კედლის დეკორაციების, თაროებისა და სხვადასხვა აქსესუარის შექმნას აპირებენ.

თათია ახვლედიანი

Wooden hand-made lamps – Georgian students’ interesting startup