ტრამპი, ნატო და ევროპული თავდაცვითი ხარჯები

„ტრამპი, ნატო და ევროპული თავდაცვითი ხარჯები“, - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული ანალიტიკური პორტალი Bruegel ჯასტინ ფელიუს სტატიას.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა ნატო-ს ევროპელი წევრების თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს თავისი წვლილი უსაფრთხოების ხარჯებში. ნატო-ს ევროპელი წევრების უმეტესობას ხარჯების განაკვეთი დასახულ 2%-ზე ქვემოთ აქვს. ამ განაკვეთის მიღწევის შემთხვევაში, ნატო-ს 27 წევრის მხრიდან საერთო ბიუჯეტი წლიური 97 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება.

ტრამპის არჩევის შემდეგ ევროპის თავდაცვითი ხარჯები ყურადღების ცენტრში მოექცა. კამპანიის დროს ტრამპის პოზიცია ნატო-სა და აშშ-ის წვლილზე მის დაფინანსებაში თანმიმდევრულად კრიტიკული იყო.

დონალდ ტრამპმა ნატო-სთან დაკავშირებით დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდა: „ჩვენ ვიხდით ტოტალურად არაპროპორციულ წილს, რაც არაპროპორციულია სხვა ქვეყნებთან შედარებით“.

ნატო-ს წევრობა დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან. წევრებმა უნდა შეიტანონ თავიანთი წილი ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტში (გამოთვლები ეყრდნობა მთლიან ეროვნულ შემოსავალს). უფრო მეტიც, მათ უნდა დააკმაყოფილონ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი განაკვეთი, თუმცა ნატო-ს წევრების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

ნატო-ს 28 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ შეასრულა 2%-იანი განაკვეთის მიღწევა 2015 წელს: ესტონეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა. საფრანგეთმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% დახარჯა თავდაცვაზე; იტალიამ და გერმანიამ - 1.2%.

ნატო-ს შეფასებით, 2016 წელს 28 წევრიდან 18 წევრი ქვეყანა გაზრდის თავდაცვით ხარჯებს. თუმცა, ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა 2016 წელს 2%-იანი განაკვეთის ქვემოთ დარჩებიან.

დონალდ ტრამპის განცხადება ეჭვქვეშ აყენებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს შესთავაზა ნატო-ს ფარგლებში, განსაკუთრებით თუ 2%-იანი განაკვეთის მოთხოვნა არ შესრულდება. შესაბამისად, ჩვენ ასევე ვანგარიშობთ თავდაცვითი ხარჯების პოტენციურ ზრდას ნატო-ს წევრებისთვის, რომლებსაც სურთ ხარჯების გაზრდა 2%-მდე. ჯამში, ევროკავშირის 21 ქვეყანას, რომლებიც ასევე ნატო-ს წევრები არიან, მოუწევთ ყოველწლიურად 96 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა.

bpn