„ბანკები დოლარში აღებულ სესხებს 1.70-იანი ნიშნულით ვერ გადაიტანენ ლარში, რადგან ეს ბანკისთვის კატასტროფა იქნება“

დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა მკვრადშობილი პროექტია. ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის ინიციატივას სესხების ლარში გადაყვანასთან დაკავშირებით. როგორც ხუხაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საერთოდ გაუგებარია თუ რა მექანიზმით აპირებს მთავრობა ამის გაკეთებას.

„საბანკო სფერო ეს არის ბიზნესი და რა თქმა უნდა, ზარალზე ვერ იმუშავებს. გარდა ამისა, ბანკებს ობიექტური პრობლემებიც აქვს. ხშირ შემთხვევაში მათი საკრედიტო რესურსის ფორმირება ბანკთაშორისი სესხების ბაზაზე ხდება, რომელსაც ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან იღებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გარკვეული შეზღუდვები აქვთ. შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებულ რესურს, ლარში ვერ გადაასესხებენ, რადგან დოლარში აღებული სესხი, დოლარშივე უნდა გადაკრედიტდეს. ხელისუფლებამ ეს თუ არ იცის, გამოდის, რომ კომუნიკაცია არ აქვთ? თუ პოლიტიკური რიტორიკით ცდილობენ თემის გადაგორებას?,“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, განცხადებები რაც კეთდება, მხოლოდ კეთილი სურვილებია და საერთოდ არ ჩანს გეგმა, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა ეროვნული ვალუტის გასამყარებლად.

„წარმოუდგენელი კომენტარები კეთდება და ამ ადამიანების კომპეტენცია სერიოზულ ეჭვებს აჩენს. საინტერესოა, ბანკებს თუ ელაპარაკებიან საერთოდ - რამდენად შესაძლებელია ან რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამან. რა კურსით ან პროცენტით უნდა მოხდეს ლარში გადაყვანა? 1.70-იანი ნიშნულით ვერ გადაიტანენ, რადგან ეს ბანკისთვის კატასტროფა იქნება. დღევანდელი კურსით სესხების ლარში გადატანა კი ვინმესთვის შეღავათი იქნება? ამან შეიძლება დააზღვიოს შემდგომი ვარდნა, მაგრამ იმ პრობლემებს რაც უკვე დაგროვილია ვერ უშველის,“ -ამბობს ხუხაშვილი.

მთავრობის წევრების განცხადებით, ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება იმ მოქალაქეებს აწვება მძიმედ, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ვიცე-პრემიერის კახი კალაძის თქმით, „ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დოლარის გამყარებაა ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმის, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა.