„ონლაინ სესხების აკრძალვა დადებით შედეგს არ გამოიღებს“

"ონლაინ სესხები არსებობს იმისთვის, რომ ზოგადად ბაზარზე მსგავსი ტიპის სესხებზე მოთხოვნაა. შესაბამისად აკრძალვის მიუხედავად მსგავსი საკრედიტო პროდუქტი მაინც გაჩნდება," -  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა.

„გასაგებია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ონლაინ სესხების კომპანიები არ იქცეოდნენ სწორად, მაგალითად მაშინ როდესაც სესხებს გადახდის უუნარო მომხმარებლებზე გასცემდნენ, ჰქონდათ მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ ეს იყო რისკიანი სესხები. აკრძალვა საბოლოო ჯამში დადებით შედეგებს ვერ გამოიღებს. გასაგებია, რომ ვიღაცები ვეღარ აიღებენ ასეთი ტიპის სესხებს და მეტად არ დაზარალდებიან, თუმცა ეს ადამიანები შემდეგ ლომბარდებსა და კერძო მევახშეებს მიმართავენ. შესაბამისად ბაზარი ამას დაარეგულირებს და არ მგონია, რომ აკრძალვა გამოსავალი იყოს“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა რაღაც რეგულაცია დაწესებულიყო, მაგალითად არ გაეცათ სესხები ისეთ მომხამრებლებზე რომლებიც ნეგატიურ ბაზაში არიან, ვერ გადაიხდიან სესხს ან კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაეწესებინათ.

„ეს მაინც მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია. დაველოდოთ, ვნახოთ როგორ შედეგებს მივიღებთ. აკრძალვა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მომხმარებლები გაქრებიან და მათ აღარ მოუნდებათ ასეთი ტიპის სესხის აღება და აუცილებლად გაჩნდება ვიღაც, ვინც მათ ასეთი ტიპის სესხებს მისცემს, შეიძლება უფრო მძიმე და ცუდი პირობებითაც კი,” - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა.

„ეს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.