თამბაქოს აქციზი 60 თეთრით გაიზრდება

თამბაქოს აქციზი 60 თეთრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.როგორც ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე ნაწარმზე აქციზური გადასახადი იზრდება. „მომდევნო წელს ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება, შესაბამისად, ეს მოგვცემს მნიშვნელოვან შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ავტომობილების იმპორტზე აქციზის განაკვეთის ზრდა მოხდება, რაც ჯამში მოგვცემს 45 მილიონი ლარის შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას. პირველ შემთხვევაში, თამბაქოსთან მიმართებაში გათვალისწინებული გვაქვს, რომ 10%-იანი კლება მოხდება მოხმარების, მეორე შემთხვევაში, 25%-იანი შემცირება მოხდება. ამავე დროს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში ასევე იზრდება გადასახადი. ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით, როცა აქამდე იბეგრებოდა 5%-ით, რაც მოგვცემს 30 მილიონის დამატებით აკუმულირების შესაძლებლობას და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით, რაც 20 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას მოგვცემს. აქაც გათვალისწინებული გვაქვს, რომ დაახლოებით 3%-დან 5%-მდე მოხდება მოხმარებსი შემცირება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აქაც გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით. „გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. წელს 100 მილიონ ლარზე მეტით ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ამავდროულად შემდგომ წლებში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება და ეკონომიკის შეფარდება ადმინისტრაციულ ხარჯებთნ მნიშვნელოვნად შემცირდება“, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.