უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს მოიცავს

2015 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს მოიცავს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აქედან 31 ათას მსესხებელს მოიცავს სრულად, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ. „მთლიანად კომერციული ბანკების სისტემაში ჩვენ დღეს გვყავს 75 ათასამდე მსესხებელი, რომელიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. პორტფელზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის 400 მილიონი დოლარის პორტფელი ჯამურად, რასაც გალარება შეეხება. ეს თანხა რეალურად ბაზარზე აღარ იქნება მოთხოვნილი, ვინაიდან თვითონ მექანიზმის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული, კომერციულ ბანკებზე მოხდება პირდაპირ გადაფარვა. შესაბამისად, თუ ადამიანებს ხელფასის აღებისას უნდა ეყიდათ ვალუტა თავისუფალ ბაზარზე და ბანკში დაეფარათ სესხი, ამ ტრანზაქციის შესაბამისად ეროვნული ბანკი პირდაპირ მოახდენს ინტერვენციას კომერციულ ბანკებზე და დაუფარავას ღია სავალუტო პოზიციას. აქედან გამომდინარე, 400 მილიონი დოლარის ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე არ მოხდება, რაცმ რა თქმა უნდამ ჩვენი ვალუტის სტაბილზიაციას მიეხმარება. მე არ მინდა ეს პირდაპირ მივაბათ ვალუტის კურსს, იმიტომ, რომ გაცვლითი ვალუტის კურსი არის თავისუფალ ბაზარზე, როდესაც არის მოთხოვნა-მიწოდება და მეტწილად ვაჭრობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, დაიფარება 2015 წლის 1 იანვრამდე ქონებით უზრუნველყოფილი მსესხებლების 90%-ზე მეტი. „შესაბამისად, ეს არის სწორედ ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად მოუწია ლარის გაუფასურებაში მოხვედრა. ვინაიდან 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებით დასაშვები იქნება 100 ათას ლარამდე და გაიცემა მხოლოდ ლარებში, შესაბამისად, ასეთი ადამიანების, ფიზიკური პირების რაოდენობა მომავლში ვეღარ გაიზრდება და ნელ-ნელა შემცირდება. ხოლო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ეს ზღვარი ავა უკვე 200 ათას ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამოკიდებულებას ვალუტის რყევებთან დაკავშირებით პრაქტიკულად მთლიანად მოვხსნით. ეს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს მისცემს საშუალებას, გაატაროს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაც“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯის დასასუბსიდირებლად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდება 65 მილიონი ლარი.