ფიზიკური პირის სესხების ლარში გადაყვანა ნებაყოფლობითი პროცესია

2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის სესხების ლარში გადაყვანა ნებაყოფლობითი პროცესია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოიყენებს შანსს, სავალუტო რისკზე და კურსზე დამოკიდებულება მოიცილოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცნობილია, რომ როგორც ერთჯერადი სოციალური პროექტი, მოხდება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის სესხების ლარში გადაყვანა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი დაეხმარება კომერციულ ბანკებს ამ პროცესში და ასევე მთავრობა ხელს შეუწყობს ხარჯების დაფინანსებით. „რაც შეეხება ამ პროექტს, ამაზე მეტი დეტალები ჩვენს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი ინტერესი იქნება მოსახლოების მხრიდან, მას, ვისაც ეხება ეს პროცესი. ბანკები იქნებიან ვალდებულები, დაუკავშირდნენ იმ მსესხებლებს, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს პროცესი და სრული დეტალები შეატყობინონ“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.