"ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის აქციების 25%-ის განთავსება ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე იგეგმება"

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის აქციების 25%-ის განთავსება ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე იგეგმება.შესაბამისად, როგორც ქუმსიშვილმა აზერბაიჯანული „სოკარის“ მიერ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილის შესყიდვით დაინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, აქ ვერ იქნება მხოლოდ ერთი კომპანიის დაინტერესება.

„სოკარის“ ინტერესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. პრემიერმა განაცხადა, რომ ორი ძალიან მსხვილი ორგანიზაციის 25%-იანი წილი შეიძლება განთავსდეს ბირჟებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბირჟები შეიძლება იყოს ლონდონი ან შანხაი. შესაბამისად, ეს არის ღია განთავსება. აქ არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული დაინტერესებული პირის ინტერესზე ლაპარაკი და არც გვაქვს ასეთი პირის ინტერესი. კონსულტანტებთან ერთად გვინდა შევარჩიოთ საუკეთესო მომენტი ამ 25%-ის წილის ბირჟზე გატანის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ლონდონში მოხდება აღნიშნული განთავსება, საქართველოს არა სამი, არამედ 5 კომპანია ეყოლება ლონდონის ბირჟაზე, რაც საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.