არჩილ მესტვირიშვილი - დაბალი დოლარიზაცია ყველას ინტერესშია

დაბალი დოლარიზაცია არის ყველას ინტერესში, ეს არის მოსახლეობის, სახელმწიფოს, ინვესტორების, კომერიცული ბანკების თუ სხვა ფინანსური სექტორის ინტერესში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დედოლარიზაციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დოლარიზაციის შემცირება თავისთავად არის საკმაოდ რთული პროცესი და მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას როგორც ეროვნული ბანკის, მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან.

„შესაბამისად, ჩვენ შემუშვებული გვაქვს ე.წ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 3 ძირითადი მიმართულებით არის კონცენტრირებული. პირველი ეს არის ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა და ეს ეხება გრძელვადიან ლარის სესხებს. ამისათვის თქვენ იცით, რომ ბოლო წლებში არსებობს ლარის გრძელვადიანი, იპოთეკური სესხები და ამ მიმართულებით არის კიდევ ნაბიჯები გადასადგმელი. მეორე მიმართულება არის ქვეყანაში სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე ზომის სესხები დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ეს არ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, როგორც არ გამოუწვევია საპროცენტო განაკვეთების ზრდა, როდესაც გავზარდეთ სარეზერვო მოთხოვნები ზაფხულში. პირიქით, გრძელვადიან პერიოდში ეს ქვეყანაში გამოიწვევს რისკების და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის მსესხებლისთვის ძალიან ხარჯიანი არის რისკების შეფასება და მართვა. ამ ღონისძიებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილ სესხებში დოლარიზაციის ზრდა, თუმცა მსხვილ კომპანიებს აქვთ გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გაცვლითი კურსის და სხვა ფინანსური რისკების ადეკვატური მართვა განახორციელონ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ერთჯერადი სოციალური პროექტი, მოხდება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის სესხების ლარში გადაყვანა, რაც ნებაყოფლობითი პროცესია. „თუმცა იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოიყენებს შანსს, სავალუტო რისკზე და კურსზე დამოკიდებულება მოიცილოს“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი დაეხმარება კომერციულ ბანკებს ამ პროცესში და ასევე მთავრობა ხელს შეუწყობს ხარჯების დაფინანსებით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მესტვირიშვილმა გაამახვილა ყურადღება, უძრავ ქონებაზე ლარში ფასდადებას ეხება. „შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ლარის ფასდადება. ყველა საუბრობს, რომ თუ უძრავი ქონების ფასდადება იქნება ლარით, ეს გაზრდის პროგნოზირებადობას, შეამცირებას ამ ბიზნესში პრობლემებს და რისკებს. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება ფასი მიუთითოს ლარით, თუმცა, ამავე დროს ის არ იზღუდება, თუ მას სურვილი ექნება ფასი მიუთითოს დოლარითაც და ნებისმიერი სხვა ვალუტითაც“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დოლარიზაციის შემცირება ეს არ არის არც მარტივი და არც სწრაფი პროცესი, ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგრამ, მას შემდეგ რაც ამ პრობლემას, რაც არის ყველაზე დიდი მაკროეკონომიკური პრობლემა ქვეყნის, ჩვენ მოვიცილებთ, ეს დაგვეხმარება, რომ ქვეყანას ჰქონდეს უფრო მაღალი და მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა. თავისთავად ეს ნაბიჯი ძალიან მოწონებული იქნება, როგორც შიდა, ასევე გარე ინვესტორების მხრიდან, რადგან თქვენც იცით, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგებში მაღალ დოლარიზაციას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პრობლემად და რისკად აღიქვამენ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.