ქართული ქვევრის ღვინო ბერლინში წარადგინეს

ბერლინში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Berlin” (The Artisan Wine Fair) ქართული ქვევრის ღვინის 8 მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, გამოფენის გახსნას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლი ელენე კიკნაძე დაესწრნენ.

ელენე კიკნაძის განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე გატანა ხელს უწყობს, მისი ცნობადობის ამაღლებას. „გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის. RAW Berlin-ზე ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების კუთხით. გამოფენაზე მისულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას“ - აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

სოფფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებლების ღვინოები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოები“.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მოწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარმოდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin).