დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობაში სავალუტო რყევებზე დამოკიდებულება შევამციროთ

ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ დამოკიდებულება სავალუტო რყევებზე ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით იმ მოსახლეობაში, ვისაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში გააჩნია , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში ”360 გრადუსი” ჩართვისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახმაურებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხელისუფლების ამოცანები განმარტა.

”ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ორი მიმართულება. პირველი მიმართულება იყო ინფლაცია, ფასების ზოგადი ზრდა და მეორე მიმართულება იყო სოციალური ფონი, რომელიც გვქონდა, გვაქვს ქვეყანაში იმის გამო, რომ ძალიან ბევრი სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აუცილებლად მოვძებნიდით გამოსავალს და შემდგომში მივიღებდით გადაწყვეტილებებს, რომელიც დაეხმარებოდა ჩვენს მოქალაქებს აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ დამოკიდებულება სავალუტო რყევებზე, ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით იმ მოსახლეობაში, ვისაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში გააჩნია. უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება არსებობდეს მოსახლეობის ფენა, ვისაც შემოსავლები, მაგალითად, უცხოურ ვალუტაში გააჩნია, რადგან მათ თავიანთი ნათესავები ჰყავთ საზღვარგარეთ, მათ ერიცხებათ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი და მათთვის, რა თქმა უნდა, დოლარის კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს სესხთან მიმართებაში არანაირ პრობლემას. როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ქვეყანა შევისწავლეთ, რადგან ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, სადაც აღნიშნული პრობლემა დამდგარა ან დადგება. შესაბამისად, ვნახეთ ძალიან ბევრი მაგალითი. საბოლოო ჯამში მივედით შემდეგ დასკვნებამდე, რომელიც დღეს უკვე გამოვაცხადეთ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლარის სტაბილურობის მიმართულებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურდაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი, სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნვეყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო. ბანკები ვალდებული იქნებიან გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებას ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა. ასევე, პრემიერის ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრიდან მცირე ზომის სესხები, 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე