დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ საწვავის ფასზე აქციზის მომატება პროდუქციის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ საწვავის ფასზე აქციზის მომატება პროდუქციის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.როგორც ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, პროდუქციის მიმართულებით ზრდა, სავარაუდოდ, 1% იქნება.

მინისტრის თქმით, ინფლაცია, შესაძლოა, 0.7-0.8%-ით გაიზარდოს, რის გამოც მთავრობას ეკონომიკური ზრდის 4%-იან პირობებში, 4% დეფლატორი აქვს ჩადებული. ”ინფლაცია შეიძლება გაიზარდოს 0.7-0.8 %-ით. დღეს ჩვენ გვაქვს 1.2% ინფლაცია, შეიძლება გახდეს 2%. დეფლატორი შემდეგ წელს, 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 4%. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ასევე გვაქვს გარკვეული კვლევები გაკეთებული. თქვენ იცით, სახელმწიფო საწარმო არის ”მექანიზატორი”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა და მის ხარჯებში რა ინფორმაციაც მე მომაწოდეს, 5-დან 7 მილიონ ლარამდე იყო საწვავის ღირებულება. აქედან გამომდინარე, პროდუქციის მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ზრდა 1% იქნება”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.