”საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”

მივესალმებით განცხადებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთი და იგივე ღირებულების მატარებლები არიან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოცემული ანგარიში ცალსახად ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, თავისუფალ მედიას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, მეტ პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებების უკეთეს დაცულობას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ევროკავშირის ბაზარზე მეტი ექსპორტის შესაძლებლობების გაჩენას.

„მინდა მივესალმო იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ. ჩვენ მივესალმებით განცხადებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთი და იგივე ღირებულების მატარებლები არიან და ერთად ზრუნავენ ევროპის უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე, განვითარებაზე და სტაბილურობაზე. საქართველო მოხსენიებულია, როგორც ევროკავშირისთვის დასაყრდენი უსაფრთხოების კუთხით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გლობალურ სტრატეგიაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში (Association Implementation Report) ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.