აკაკი ზოიძე - მე მხარს ვუჭერ იმ მიმართულებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის ზრდა

მე მხარს ვუჭერ იმ მიმართულებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის ზრდა , - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზოიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძირითადი პრიორიტეტები მთავრობის სხდომაზე უკვე მოისმინეს.

,,მთავრობის სხდომაზე ძირითადი ინიციატივები უკვე გაჟღერდა. ჩვენ ეს პრიორიტეტები ადრეც გვქონდა მოსმენილი. მხარს ვუჭერთ იმ მიმართულებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის ზრდა, ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანია განათლებაზე და ჯანდაცვაზე აქცენტის შენარჩუნება. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. მხარს ვუჭერ, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სიგარეტზე და საწვავზე აქციზის მომატებას. ეს ნიშნავს ჯანმრელობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. ჯანდაცვის სისტემაში ძირითადი მომატება არის სოციალური ხარჯების მიმართულებით. პენსიებთან მიმართებაში გათვალისწინებულია ის დანამატები, რომელიც არის მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში. გაზრდილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები გარკვეული მიმართულებით, კერძოდ შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობასთან და პრევენციასთან მიმართებაში, რადგან წელს გლობალური ფონდი ამცირებს თავის დაფინანსებას. ერთ-ერთი დონორი, რომელიც აფინანსებს ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ თავის პროგრამებს, ნელ-ნელა საქართველოდან გადის და ის უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფო დაფინასებით”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან.

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს.