ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა. მისივე თქმით, მთავრობის მიდგომაა მაღალი გადასახადებით მეტი ფული წაართვას ხალხს და მერე თავისი სურვილების მიხედვით ანაწილოს ეს ფული საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, არაფრისმომცემ სამთავრობო პროგრამებზე, საკუთარი ნათესავებისთვის იაფი კრედიტების მიცემაზე, კომფორტსა და არასაჭირო სამივლინებო ხარჯებზე.

”გუშინ ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად. იმის ნაცვლად, რომ დაწიონ გადასახადები, ზრდიან გადასახადს და პრობლემას უქმნიან ათიათასობით ადამიანს. აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე ნიშნავს ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდას, რასაც ჯაჭვურად მოყვება ფასების ზრდა ყველა ძირითად პროდუქტზე, რასაც მოქალაქეები ძირითადად ყიდულობენ. ლარის გაუფასურების გამო ფასების ზრდა ისედაც მაღალია სურსათსა და მედიკამენტებზე, სამწუხაროდ, მთავრობის ნაბიჯი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებს, რომ პენსია არ გაიზრდება. არც ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და ექნება საპირისპირო ეფექტი. დაანონსებული ნაბიჯები ავლენს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც თვითონვე შეიყვანა განვლილი 4 წლის განმვალობაში გადადგმული ასეთი არაკომპეტენტური და უგუნური ნაბიჯებით. ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია, ქვეყანა შეყავს კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და გამოიწვევს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას’’, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.