სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების აკრძალვა მევახშეობის აღზევებას გამოიწვევს

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმით კიდევ უფრო შემცირდება მოხმარება, გაიზრდება ფასები და კიდევ უფრო მეტი სიღარიბე იქნება ქვეყანაში.

კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობაშიც არიან საღი აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული ეს ინიციატივები.

”კარგია, რომ ესმით მთავრობაში, რომ მთავარი პრობლემა, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, არის დიდი დისბალანსი, რომელიც იმპორტსა და ექსპორტს შორის არსებობს და ის, რომ მკვეთრად უარყოფითი სალდო გვაქვს, მაგრამ ამაზე სწორი პასუხი არის ექსპორტის გაზრდა, ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვა, მაგრამ არა იმპორტის შეზღუდვა და იმ ინიციატივების შედეგი, რაც გუშინ გავიგეთ. მთავარი ცუდი შედეგი, რაც შეიძლება ინიციატივებს მოყვეს, იმ ფორმით, როგორც იყო განხორციელებული, თუ საწვავზე გაზრდით აქციზს, მაშინ გაძვირდება ყველაფერი, მათ შორის საცალო ვაჭრობა, ტრანსპორტი, მცირე ბიზნესის საქმიანობა და ეს სამუშაო ადგილებს დაგაკარგინებთ”, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მანქანების იმპორტზე აქციზის განაკვეთის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ მანქანების იმპორტი შემცირდება და ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი მანქანების რეექსპორტის ბიზნესი, კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდება.

ონალინ სესხების აკრძალვას რაც შეეხება, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს მევახშეობის აღზევებას და ამ ყველაფრის გადატანას შავ სექტორში, თავისთავად ეს ყველაფერი კი კრიმინალის გაზრდას.

”ამ 65 მილიონის მიმართვა რომ გსურთ იმ კრედიტების დასაფარად, რომელმაც კრედიტი დოლარში აიღო, ის 30 ათასი ადამიანი, რომელიც გინდათ რომ დააფინანსოთ, ხომ გესმით, რომ მათ შორის არიან მაღალი შემოსავლის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ თანხის გადახდა? რატომ იყენებთ იმ ფულს, რომელიც გადასახადების გადამხდელებმა შეიტანეს ბიუჯეტში? ამ ფულს რატომ იყენებთ მდიდარი ადამიანების სესხების გადასახდელად? მაინტერესებს, საიდან მოდის ეს სოციალისტურ - პოპულისტური იდეები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ჯამში აუცილებლად უკუეფექტს მიიღებს”, - განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, იმ ყველაფრის ”დიაგნოზი”, რაც ქვეყანაში ხდება, საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ზრდა სექტემბერში იყო 1,5%, ხოლო ოქტომბერში - 1,3%.

”როგორ გგონიათ, ამ ნაბიჯებს თუ გადადგამთ, ამით ეკონომიკური ზრდა გაიზრდება? სანამ ეკონომიკა არ გაიზრდება, ექსპორტი არ იქნება წახალისებული, მეტი ტურისტი და მეტი ინვესტიცია არ შემოვა, და მეტი ფული არ იქნება ქვეყანაში, არ მოგვარდება ლარის გაუფასურების პრობლემა. ამ გზით კი თქვენ კიდევ უფრო შეამცირებთ მოხმარებას, გაზრდით ფასებს და კიდევ უფრო მეტი სიღარიბე იქნება ქვეყანაში”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მთავრობამ ლარიზაციის გეგმა წარმოადგინა: კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებსა და ყველა ცვლადი განაკვეთის სესხებისთვის ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს; მოსახლეობას საშუალება ექნებათ 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხები გადაალარონ არსებულ კურს - 20 პუნქტით (მაგ. 2.5 კურსის შემთხვევაში გადალარდება 2.3 კურსით); იკრძალება ახალი სესხების აღება დოლარში; ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვისას კომპანიებმა ფასი უნდა გამოაცხადონ ლარში (მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით); იკრძალება ონლაინ სესხები.

ასევე მცირდება ადმინისტრაციულ ხარჯები და ბიუროკრატიულ აპარატი; 10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები; იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე (0.60 თეთრი); იზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი; 60-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე.