გადასახადის ზრდა საწვავის 20-30 თეთრით გაძვირებას გამოიწვევს

2017 წლიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი იზრდება, რაც საწვავის 20-30 თეთრით გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს დაგეგმილი ცვლილებები საწვავის ფასზე, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ცვლილებები დამტკიცდება და ამოქმედდება.

„ნებისმიერი სახელმწიფო გადასახადი მოქმედებს საწვავის ფასზე. შესაბამისად, აქციზის გადასახადის გაზრდა, რა თქმა უნდა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენით გაიზრდება საწვავის ღირებულება, ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა, უხეში გათვლებით ორივე პროდუქტი - ბენზინი და დიზელი 20-30 თეთრით გაძვირდება. ასევე გაძვირდება გაზის საფასურიც, მაგრამ რამდენით მოიმატებს ფასი, თქმა გამიჭირდება,“ -აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხის გარშემო დიდი განხილვა არ ყოფილა და ფაქტობრივად, მთავრობის ეს გადაწყვეტილება კომპანიებისთვის არ იყო ცნობილი.

„ცვლილებების შედეგად იმპორტიორ კომპანიებს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა დასჭირდებათ. რის გამოც, გადასახადის ზრდა შედარებით წვრილ იმპორტიორ კომპანიებს შეიძლება მძიმედ დააწვეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბიზნესი ცვლილებებს მომზადებული შეხვდება,“ - ამბობს მთვრალაშვილი.

ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ დაგეგმილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. ერთ-ერთი მათ შორის ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის რადიკალური ზრდაა. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.

2017 წლიდან აქციზის გადასახადი გაიზრდება ასევე თამბაქოსა და იმპორტირებულ ავტომობილებზეც.