დემურ გიორხელიძე : „არცერთი ეს ნაბიჯი ლარის კურსის სტაბილიზაციის ხელშემწყობი ვერ იქნება“

„არცერთი ეს ნაბიჯი ლარის კურსის სტაბილიზაციის ხელშემწყობი ვერ იქნება - ასე აფასებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც 2017 წლიდან განხორციელდება და რომლის შესახებაც, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც გიორხელიძე აღნიშნავს, ინფორმაცია ძალიან მწირია და ბევრი კითხვა არსებობს,  თუ როგორ მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია.

„საჭიროა მთავრობის გეგმები გაიწეროს, რადგან ბევრი კითხვაა - არ ვიცი, როგორ მოახერხებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილიზაციას. არცერთი ეს ნაბიჯი სტაბილიზაციის ხელშემწყობი ვერ იქნება, ეს სხვა პირობებს არეგულირებს.

„ვერც ეროვნული ბანკის და ვერც მთავრობის განცხადებებიდან ვერ დავინახე ტექნოლოგია - რა გაკეთდება ლარის სტაბილიზაციისთვის. მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ არ აპირებენ იმ მთავარი მექანიზმის ამოქმედებას, რამაც შეიძლება შეცვალოს ლარის კურსის თამაში. ესაა ბანკების შეზღუდვა ვაჭრობაზე, ბანკებისადმი რეგულაციების ცივილიზებულ ფორმაში გადაყვანა, ბანკებისათვის რეფინანსირების სესხების შემცირება და მხოლოდ ლიკვიდურობისთვის აუცილებელი სესხების ფარგლებში გაცემა,“-აღნიშნა გიორხელიძემ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორხელიძე დადებითად აფასებს თამბაქოსა და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ მათ მიმართ კანონი გასამკაცრებელია.