დემურ გიორხელიძე - მთავრობას ვურჩევ, საერთოდ დაივიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან და ბანკებთან

ლარის სტაბილურობისათვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ ”ლარიზაციის გეგმასთან” დაკავშირებულ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

- ბატონო დემურ, ლარის სტაბილურობისათვის მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები, არსებული კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. როგორ შეაფასებდით ლარის სტაბილიზაციისათვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ”ლარიზაციის გეგმას”?

- ჯერჯერობით ინფორმაცია არასაკმარისია, თუმცა ლარის, როგორც ეროვნული ვალუტისადმი დამოკიდებულების გაძლიერება და ქვეყნის ტერიტორიაზე მისი მიმოქცევის ერთადერთ საშუალებად ქცევა უალტერნატივოა. ეს იმიტომაა უალტერნატივო, რომ არსებულ ვითარებაში ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია.

ძალიან სასაცილოა იმ ადამიანების განცხადებები, რომლებიც საუბრობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით თითქოს ლარი-დოლარის შეჯიბრში ლარი და საქართველო დამარცხდება, ქვეყნის შეგნით ბევრი ვალუტა უნდა ვატრიალოთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე 25 წელია გვესმის სრული უაზრობით, შედეგი კი რა არის, ვხედავთ. ამიტომ, გაცილებით უფრო პროფესიული მიდგომაა საჭირო. სწორი და რთული ნაბიჯია გადასადგმელი და მკაცრი თამაშის წესების ფარგლებში მოქმედებაა საჭირო. მოდით პირდაპირ ვთქვათ - ჩვენ სავალუტო კრიზისი გვაქვს, არ გვყოფნის ვალუტა

ლარის გამყარებისა და სტაბილიზაციის გარეშე ეკონომიკა ვერანაირად ვერ განვითარდება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ჩვენ სავალუტო კრიზისი გვაქვს, არ გვყოფნის ვალუტა. ამიტომ არის საშინელი ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე. ამას ემატება ის, რომ კომერციული ბანკები არ რეგულირდებოდნენ ცენტრალური ბანკის მიმართ რეფინანსირების პროცენტის კუთხით, იგივე, თუ გნებავთ, კლიენტებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ამან კი პრობლემები გააჩინა.

მთავარია, ამ ღონისძიებებში ბანკებს ჰქონდეთ თავიანთი ადგილი და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საერთოდ არანაირ ზეგავლენას არ ახდენდნენ. დაველოდოთ, მთავრობისგან მოვისმინოთ გაცილებით კომპლექსური გეგმა. ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ იმ გზას, რომლითაც შეიძლება გარკვეულ საზღვრებში ლარის ”დაჭერა”. თუმცა, ამის გაკეთება შეიძლება. მე ვამბობ, რომ ამ ეტპაზე გარკვეული წონასწორული კურსი არსებობს, რყევა პლიუს-მინუს მაქსიმუმ 2-3% უნდა იყოს და არა მეტი. ახლა რაც ხდება, ვითარების გამოსწორების არანაირ იმედს არ ტოვებს.

- პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გეგმა ”საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს“. რამდენად რეალიზებადია გეგმა და რამ შეიძლება შეაფერხოს მისი რეალიზება?

- მოდით ასე ვთქვათ, ეს პირველ რიგში არის პოლიტიკური საკითხი. მთავრობა იძულებულია მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რაც მიღებულ იქნა. ეს არ შეიძლება ე.წ. წყალწყალა ლიბერალიზმის პოზიციებიდან იქნას შეფასებული. თითქოს, ეს ბაზარზე ჩარევაა, ეს სესხებს გააძვირებს და ასე შემდეგ. ამგვარი განცხადებები საკმაოდ დილეტანტური განცხადებებია.

სახელმწიფო არსებობს ადამიანებისთვის და ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს და კაბალური პირობებითაა მიბმული ბანკებთან

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო არსებობს ადამიანებისთვის და ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს და კაბალური პირობებითაა მიბმული ბანკებთან. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ხდება ვალუტის ასეთი მკვეთრი რყევა, ბუნებრივია ჩნდება საფრთხეები, რომ ამა თუ იმ ადამიანებს უბრალოდ არაფრით შეუძლიათ გადაიხადონ ეს დავალიანება. ჩვენ ვდგავართ იმ ფაქტების წინაშე, როცა ადამიანები კრედიტებში დებენ ერთადერთ საცხოვრებელს და კარგავენ მას. ასეთ დღეშია ათი ათასობით ადამიანი. რა შეიძლება მათ გააკეთონ, მიადგებიან ხელისუფლებას და გააჩენენ უარეს პრობლემას. ამიტომ ეს გადასაწყვეტი საკითხია.

ვფიქრობ, რომ სესხების კონვერტაცია გონივრულ ჩარჩოებში უნდა მოხდეს. კონვერტაციას აზრი ექნება მაშინ, თუ მოხერხდება ლარის გარკვეული წონასწორული მდგომარეობის ზემოაღნიშნული რყევების ფარგლებში შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები კვლავ იქნება.

საქმე ისაა, რომ ბანკები არაფერს არ კარგავენ. მათ გასცეს სესხი გაცილებით დაბალი კურსების დროს, ახლა ისინი ზემოგებებზე არიან გასული. შეუძლებელი და არანორმალურია ვითარება, რომელშიც მთლიანი შიდა პროდუქტი 2,4%-ით იზრდება და 2 წლის განმავლობაში ბანკების აქტივები 100%-ით იცვლება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხს 33 ათას ადამიანს დაუფინანსებს. სესხების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ბანკების სუბსიდირება მოსახლეობის მიერ გადახდილ დამატებით ხარჯზე მოხდება?

- ეს არის დღეს იძულებითი ნაბიჯი. რაკი ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებები უყურადღებოდ იყვნენ და ფაქტობრივად ბანკებს მისცეს საშუალება ასე გაერთულებინათ სიტუაცია.

როგორც კი პრობლემები შეექმნა ეროვნულ ბანკს და საფრთხის წინაშე დადგა ათი ათასობით ადამიანი, გინდა თუ არ გინდა, ეს გამოიწვევს რამე ნეგატიურს თუ არ გამოიწვევს, უნდა იფიქრო ნეგატიურის მინიმიზებაზე, რომ არ მოხდეს ლარში სესხების ზრდა. წლებია ვუკიჟინებთ ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება დოლარებში სესხების გაცემა, მით უმეტეს საყოფაცხოვრებო სესხების, როცა ადამიანებს არანაირი შემოსავალი არ აქვთ.

ცხადია, ლარიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში დოლარში ანგარიშების ქონა შეიზღუდება, ანდა რაიმე პრობლემები იქნება გადახურდავებაში. არავითარ შემთხვევაში, ამგვარი განცხადებები აშკარად პროვოკაციულია.

საქმე ისაა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება ახორციელებდე ოპერაციებს დოლარებში. სხვანაირად ვერანაირი მართვა, მით უმეტეს მონეტარული პოლიტიკისა ვერ მოხდება.

ბანკები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ლარის კურსზე და თუკი ეს არ მოიშალა და ვაჭრობის წესები არ შეიცვალა, თუკი ბანკები არ შეიზღუდა, ეს ღონისძიებები დარჩება ცაში გამოკიდებული.

ამიტომ ყველაფერი სწორია, მაგრამ მე ჯერჯერობით კარგად ვერ ვხედავ იმ მექანიზმს თუ როგორ შეძლებს მთავრობა და ეროვნული ბანკი მის განხორციელებას. არ მჯერა, რომ ჯერჯერობით საკმარისია ის ღონისძიებები, რომ ბანკებისთვის ერთიანი თამაშის ცივილიზებული წესები იქნება. ბანკები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ლარის კურსზე და თუკი ეს არ მოიშალა და ვაჭრობის წესები არ შეიცვალა, თუკი ბანკები არ შეიზღუდა, ეს ღონისძიებები დარჩება ცაში გამოკიდებული. რატომ? ბანკებს შეეძლებათ მთავრობის შანტაჟირება თუნდაც სესხების გაძვირების თვალსაზრისით და ასე შემდეგ.

- უკვე ითქვა, რომ სამშენებლო კომპანიებმა ბინის ფასი უნდა გამოაცხადონ ლარში... ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას?

- არა მარტო სამშენებლო კომპანიებმა, საერთოდ, ჩვენ უნდა მივეჩვიოდ იმას, რომ ლარში ხდებოდეს ოპერაციები, შეფასებები. ადამიანებს, რომლებიც იმპორტ-ექსპორტის ოპერაციას არ ახორციელებენ, დოლარის-ლარის მიმართება არც უნდა აინტერესებდეს. მათ სჭირდებათ მყარი ვალუტა და ჩვეულებრივი ცხოვრება ნორმალურ პირობებში. ასე რომ, ეს ხდება ლობისტური ჯგუფების გამო, რომლებსაც ზურგს წყალწყალა ლიბერალური განცხადებებით დილეტანტები უმაგრებენ ზურგს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაცხადებული სქემით, ის ადამიანები, რომლებიც შემოსავლების სიმცირის გამო დიდ სესხს ვერ იღებენ, სწორედ ისინი დაუფინანსებენ სესხის დაფარვას მათ, ვისაც ისედაც დიდი შემოსავალი აქვთ. თქვენი აზრითაც ასეა?

- აი, ეს უკვე მე არ ვიცი. ინფორმაცია საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება დეტალურად გაწერილი გეგმა. ჯერ მხოლოდ განცხადებები გაკეთდა, ჩვენ არ ვიცით ეს საბოლოოდ რა საკანონმდებლო სახეს მიიღებს და რა ნორმატიული დოკუმენტებით იქნება რეგულირებული. ჯერ ძნელია ამაზე საუბარი.

ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები გაცილებით უნდა გაღრმავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობა აშკარად მარცხის წინაშე დადგება. ამ პირობებში დგება ცენტრალური პრობლემა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მაკროეკონომიკის თვალსაზრისით.

ბანკებს არავინ ეკითხება და არავინ არ უნდა ეკითხებოდეს თუ როგორ ფინანსურ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში მთავრობა.

ლარში ფულის მასა არის ძალიან მცირე, თითქმის 4,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკის მოცულობა. ფულის მასის ხელოვნურად გაზრდა არ შეიძლება, მაგრამ ეკონომიკის აქტიურობის კვალობაზე პირდაპირ უშუალოდ ეკონომიკაში გაზრდასთან ერთად ფული ნელ-ნელა უნდა შემოვიდეს და გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მცირე ფულით ვერც ლარის კურსის გამყარება მოხდება და ვერც მთავრობის მიერ დასახული ამოცანები გადაწყდება.

პრობლემა, რომელზეც მე წლებია ვსაუბრობ, აშკარაა და ყველაზე რთული პრობლემაა, ვგულისხმობ იმას თუ როგორ უნდა შეივსოს ეკონომიკა ფულით. როგორც ვთქვი, ამის ხელოვნურად გაკეთება შეუძლებელია. ამის გაკეთებას გონივრული პოლიტიკის გატარება სჭირდება.

- მთავრობა ”ონლაინ სესხების” აკრძალვისთვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს. თუ ამგვარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მიიღო, როგორ აისახება ერთის მხრივ, მოქალაქეებზე და მეორეს მხრივ - ლარის კურსზე?

- ეს სფერო აშკარად არარეგულირებულია. უნდა აიკრძალოს ის აღვირახსნილი რეკლამა ტელევიზიებში, როცა არანორმალური პროცენტებით აძლევდნენ ადამიანებს სესხს. ერთკვირიან, ერთვიან სესხებზე პრაქტიკულად წლიური პროცენტები ირიცხება. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ასეთ ვითარებაში არავითარ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე არ არის საუბარი. ეს იყო ჩვეულებრივი ნებადართული ყაჩაღობა. ამაში ჩართული იყო კრიმინალი, - მხედველობაში მაქვს თანხების ამოღებაზე რეკვები, შანტაჟირება. როცა ასეთი ქმედებები დაშვებულია, სახელმწიფო სადაა?

ახლა მთავარია, ამ აკრძალვებმა არ გამოიწვიოს ბანკების მიერ ფინანსური სფეროს სრული მონოპოლიზაცია. ამისათვის კი პარალელურად ინსტიტუტებია გასაჩენი, რომ აკრძალვები უფრო სხვა, ცივილიზებულ კალაპოტში გადავიდეს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ონლაინ -სესხების აკრძალვა ადამიანებზე ზრუნვის გამო კი არ მოხდა, არამედ ბანკებს შესწირეს დედოლარიზაციის გეგმაზე დათანხმების სანაცვლოდ. რამდენად მართებული შეიძლება იყოს ამგვარი შეფასება?

- მოდით, პირდაპირ ვთქვათ - თუ მთავრობა მიდის ამ დათმობაზე ბანკებთან, მაშინ მთავრობა ძალიან სუსტია. მთავრობას სახელმწიფო საქმეში ბანკების დათანხმება არ სჭირდება. ბანკებს არავინ ეკითხება და არავინ არ უნდა ეკითხებოდეს თუ როგორ ფინანსურ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში მთავრობა. მე არ მგონია ასე იყოს, მაგრამ თუ ასეა, ეს იქნებოდა მთავრობის სისუსტე.

რაც შეეხება საფრთხეს, ამ აკრძალვით ბანკებში ყველაფრის კონცენტრირება არ შეიძლება. ჩვენ 2008 წელს ბანკებს შევწირეთ საქართველოს ეკონომიკა. ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამის შემდეგ ფაქტობრივად წელში ვერ გასწორდა ისედაც წაქცეული ეკონომიკა. ახლა მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, - ან ეკონომიკა განვითარდება და ბანკები ცივილიზებული თამაშის წესებში ჩაჯდებიან და დაკმაყოფილდებიან, ანდა ჩვენ მივიღებთ ისევ საშინელებას. ბანკები ისევ არაპროფილურ აქტივებს ფლობენ, ბანკები ისევ მოქმედებენ ყველა ბიზნესში და ეს არაფრით არ შეიზღუდა. ამ პირობებში თავისუფალი კერძო სექტორის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩვენ 2008 წელს ბანკებს შევწირეთ საქართველოს ეკონომიკა. ეს სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა. ახლა მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, - ან ეკონომიკა განვითარდება და ბანკები ცივილიზებული თამაშის წესებში ჩაჯდებიან, ანდა ჩვენ მივიღებთ ისევ საშინელებას

- მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ხარჯების, მათ შორის ანაზღაურების ფონდის 10%-ით შემცირების შესახებ. ხელისუფლების ეს ნაბიჯი რამდენად წაადგება ლარის გამყარებას? ე.წ. განსხვავებას, ანუ გაზრდილ სხვაობას ვინ იხდის, სახელმწიფო თუ ბანკები?

- ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციული ხარჯების 10%-იანი შემცირება ძალიან ცოტაა. კიდევ უფრო მეტად შემცირება შეიძლება. დააკვირდით, რა ხდება სიპებში სახელმწიფოს წილობრივი 100%-იანი მონაწილეობით. გაორმაგდა და გასამმაგდა მათში მომუშავეთა შტატები, ასევე მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

სიპები, ფაქტობრივად არის ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და პარტიული აქტივისტების დასაქმების ერთერთი მუქთახორული გზა. ეს აწვება ქვეყნის ბიუჯეტს. სამინისტროების შტატები გადაბერილია. ამიტომაცაა რომ ვამბობ, აქცენტი გასაკეთებელია დიდ შემცირებაზე.

ჩვენ უნდა გადავიდეთ ეფექტურ მმართველობაზე. ეფექტურ მმართველობაზე გადასვლას კვალიფიცირებული ხალხი სჭირდება. როდესაც ქვეყანაში ნეპოტიზმი ბატონობს და პარტიული პრივილეგიებით ხდება სახელმწიფო სამსახურებში მიღება, იქ გინდ შეამცირე შტატი, გინდა - არა. გამოსავალი არა შტატების რაოდენობაში, არამედ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და წინსვლაშია, როცა წინსვლა არ არის, როცა ეკონომიკა 2,4%-ით იზრდება და გადატენილია სამინისტროები არაფრის მაქნისი კადრებით, ასე არაფერი გამოვა. სამინისტროებში ოჯახებით არიან დასაქმებულნი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჩვენ გვჭირდება ეფექტური მთავრობა და ეფექტური მართვა. ეფექტური მთავრობა ხარჯების შემცირებით კი არ მიიღწევა, არამედ საკადრო პოლიტიკის ცვლილებით

სახელმწიფო სამსახურებში კვალიფიციურ, მაგრამ უპატრონო კადრებს არავინ იღებს. ამიტომ მართველობის მთელი სისტემაა შესაცვლელი. ამას მარტო ყბადაღებული ადმინისტრაციული ხარჯების შეცირება არ უშველის. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მთავრობა და ეფექტური მართვა. ეფექტური მთავრობა ხარჯების შემცირებით კი არ მიიღწევა, არამედ საკადრო პოლიტიკის ცვლილებით.

- და მაინც, გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ლარიზაციის გეგმის განხორციელებას შეძლებს?

- ეს დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. მოდით, ასე ვთქვათ - მთავრობა დღეს ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. 26 წელია საქართველოს ჯერ წარმატებული მთავრობა არ ჰყოლია. ახლა ძალზე მძიმე მდგომარეობაა - მიგრაცია არ მცირდება, ადამიანები ტოვებენ ქვეყანას იმიტომ, რომ აქ სამუშაო ადგილების პერსპექტივა არ არის. სიღარიბე არანორმალურია, სოციალური პრობლემები კიდევ და კიდევ უფრო მძაფრდება. ამიტომ, ახლა საჭიროა შედეგი.

ეკონომიკური შედეგი პრივილიგებული პოლიტიკური ჯგუფებისა და ბანკების ინტერესების გატარებით, ასევე ე.წ. პრივილიგებულ ბიზნესმენებთან კონსულტაციებით არ მიიღწევა. მთავრობას ვურჩევ საერთოდ დაივიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან, ბანკებთან. მას აქვს უდიდესი ამოცანები, საჭიროა საშინაო პოლიტიკის პასუხისმგებლობის დონეზე გატარება. როდესაც კარგი პოლიტიკა ტარდება, იქ ბანკებიც კარგად იმუშავებს, მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესიც. ამიტომ, არავითარი კონსულტაციები მთავრობას ამ კატეგორიის ხალხთან არ სჭირდება. მაგათ ჭკუაზე იარა საქართველოს ყველა დამაწყევარმა.

ეკონომიკური შედეგი პრივილიგებული პოლიტიკური ჯგუფებისა და ბანკების ინტერესების გატარებით, ასევე ე.წ. პრივილიგებულ ბიზნესმენებთან კონსულტაციებით არ მიიღწევა

ამიტომ, თუ არ უნდა ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ამ მთავრობას მორიგი მსხვერპლი გახდეს ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიტუაციისა, როდესაც ფაქტიურად მთავრობები ყოველთვის მძევლები იყვნენ იმ მონოპოლური ჯგუფების, რომლებიც თავად გააჩინა შევარდნაძის ხელისუფლებამ, მათთან კონსულტაციებს თავი დაანებოს.

ჯერჯერობით, შევარდნაძის ეპოქა ქვეყანაში არ დასრულებულა. კარგი იქნება თუ ეს ხელისუფლება და მთავრობა მას დასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება ზუსტად ისეთი, შევარდნაძის მთავრობებს რომ ჰქონდა.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი