"სახელმწიფომ ონლაინსესხებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს"

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილი რობერტ ჰენდრი სინგლეტერის აზრით, სახელმწიფომ ონლაინსესხებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.

როგორც მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის დაცვა შეიძლება საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესებით.

”მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ქმედითი ზომები უნდა განახორციელოს იმ კუთხით, რომ დააწესოს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთებზე, რომელიც არსებობს სესხების გაცემისას - საუბარია ონლაინსესხებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე. იმდენად რამდენადაც ზოგადად, მოსახლეობას ფინანსური ინფორმაცია და ცოდნა არ გააჩნია, შეიძლება სიღრმეებში ვერ ხედავდეს პრობლემის არსს. აქედან გამომდინარე, მათი დაცვა შეიძლება საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესებით”, - განაცხადა მან კომიტეტის სხდომაზე.

რობერტ ჰენდრი სინგლეტერის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს გარკვეულ ზომებზე, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

”იქნება კონკრეტული პუნქტები, რომლითაც ეკონომიკურად მოწყვლად მოსახლეობას გაუთვიცნობიერებელი რისკისგან დავიცავთ”, - აღნიშნა მან.

ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები წარუდგინა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მათი მოსმენა მიმდინარეობს.