საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია მთავრობას მიმართავს, ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობა გაუწიოს

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ. ”ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ;

მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;

ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების, ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge და mon.ge.