”ავტომობილების იმპორტზე აქციზის გაზრდა უარყოფითად აისახება ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე”

მთავრობის ის არგუმენტი, რომ აქციზის გაზრდა ავტოპარკის განახლებასა და გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, სრული აბსურდია, რადგან მსგავსი რეგულაციებით ავტოპარკის განახლება არ ხდება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ”ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, პროდუქციის გაძვირების ხარჯზე ბიუჯეტის გაზრდა სწორი არ არის.

”ავტოპარკის განახლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. როცა ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება, ადამიანების შემოსავალი იზრდება და თავისთავად ადამიანი ცდილობს თავისი პირადი მოხმარების ნივთები განაახლოს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ რა მიზანს ისახავს ავტოპარკის განახლება. თუ ხელისუფლებას სურს ქვეყანაში ისეთი სატრასნპორტო საშუალებები წაახალისოს, რომელიც შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ამავდროულად ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ჰიბრიდული ავტომობილების წახალისება უნდა მოხდეს და მათზე გადასახადები უნდა მოიხსნას. ჩემი აზრით დიფერენცირება უნდა მოხდეს არა ასაკის, არამედ ძრავის მიხედვით. ავტომობილების განბაჟების გაძვირება ავტოსატრასპორტო საშუალებების გაძვირებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მთლიანად საქართველოს საავტომობილო ბაზარზე, შემცირდება მომხმარებელების რაოდენობა, პრობლემის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდებიან, ისინი ვისაც მანქანის შეძენა სურს და ის ბიზნესსექტორი, რომელიც საქართველოში ავტოიმპორტითა და რეალიზებით არის დაკავებული”, - განაცხადა ”ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, ახალი ავტომობილების იმპორტზე აქციზის გაზრდა იმპორტის შემცირებას გამოიწვევს, ასევე შემცირდება მოთხოვნა მანქანებზე და მათი ფასი 20-30%-ით გაიზრდება.

”თუ ეს პროგრამა ავტოპარკის განახლებას ემსახურება მაშინ ერთ წლამდე ავტომობილი საერთოდ რატომ არ არის გადასახადისაგან გათავისუფლებული. დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა რომ 1 და 9 წლის ავტომობილების განბაჟება პრაქტიკულად ერთი და იმავე თანხით ხდება. ეს არასწორია. არ ვამბობ, რომ განბაჟების პროცესში ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია, რადგან ქვეყანაში სხვა გარემო პირობები არ არის მომზადებული. ამ პროეტქს ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გადახედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ძლიერი უკურეაქციები გვექნება. თუ ჰაერის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ მაშინ მაღალი გამავლობის ავტომობილებზე უნდა ძვირდებოდეს გადასახადი ანუ ე.წ ჯიპებზე“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე იმ დაგეგმილ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. მათ შორის არის იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდა: ”აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე - ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.