„ტერაბანკი“ უარყოფს ბრალდებას, რომ მან კლიენტის საბანკო საიდუმლოება დაარღვია

„ტერაბანკი“ უარყოფს ბრალდებას, რომ მან კლიენტის საბანკო საიდუმლოება დაარღვია. ამის შესახებ ნათქვამია „ტერაბანკის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც იურიდიული კომპანია BLB (Business Legal Bureau)-ისა და მეანაბრე მედეა ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

„ტერაბანკის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოფილი კლიენტების დღევანდელ განცხადებას ბანკი განიხილავს როგორც ბანკის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებით მის იძულებას, დააკმაყოფილოს არასამართლიანი მოთხოვნა.

„ინტერპრესნიუსი“„ტერაბანკის“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ტერაბანკი“ უარყოფს ბრალდებას, რომ მან დაარღვია კლიენტის საბანკო საიდუმლოება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბანკი თავს იკავებდა აღნიშნულ საქმესთან კონკრეტულ ფაქტებზე და ადამიანებზე საუბრისაგან, სწორედ საბანკო კონფიდენციალობის გათვალისწინებით. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი კლიენტები თავად გამოჩდნენ საჯაროდ მედიასივრცეში და გაასაჯაროეს საქმე, ამავე დროს დაწყებულია სასამართლო დავა, რომლის ფარგლებშიც საქმის ყველა გარემოება დეტალურად არის გაცხადებული, მოცემულ შემთხვევაში ბანკის მხრიდან კონფიდენციალურობის დარღვევაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბანკმა აღნიშნულ პირობებშიც კი საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელი იყო ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად.

მით უფრო საფუძველს არის მოკლებული და ცინიკურია ყოფილი კლიენტების განცხადება მათი პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ, იმ პირობებში როდესაც ბანკი საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაყრდნობით. ხოლო თუ ვინმეს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი კლიენტების ქმედებების შედეგად ადგება რეპუტაციული ზიანი, ეს სწორედ ბანკია.

შესაბამისად, ყოფილი კლიენტების დღევანდელ განცხადებას ბანკი განიხილავს როგორც ბანკის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოება შეცდომაში შეყვანას და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებით მის იძულებას დააკმაყოფილოს არასამართლიანი მოთხოვნა. რასთან დაკავშირებითაც როგორც უკვე ითქვა, ბანკი მიმართავს სასამართლოს მიყენებული რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ბანკი კვლავ რჩება უცვლელ პოზიციაზე, ელოდება სასამართლო პროცესების დასრულებას და იმედს იტოვებს, რომ ყოფილი მეანაბრე მომავალში მაინც იმოქმედებს სასამართლო განხილვის ფარგლებში. ბანკის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ განცხადებებს აღარ გაავრცელებს და თავს შეიკევაბს ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს ბანკის წინაშე მის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.