მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის რეიტინგში საქართველომ 41-ე ადგილი დაიკავა და 2014 წელთან შედარებით პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა.

რეიტინგი 136 ქვეყანას აფასებს და ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. რეიტინგი აფასებს ქვეყნების ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს საქონლის თავისუფალ მოძრაობას საზღვრებს მიღმა და დანიშნულების ადგილამდე. ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის დონეს და პოტენციალს. რეიტინგი 7 კომპონენტისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული, თავის მხრივ, ფასდება სხვადასხვა ინდიკატორებით.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია რამდენიმე კომპონენტებში გაუმჯობესდა, მათ შორის უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის კუთხით - 30 ადგილით;

”აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან (კერძოდ DCFTA -ის კომპონენტის). აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, როდესაც რეიტინგში აისახება საქართველო-ჩინეთს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შედეგები”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

რეიტინგის თანახმად, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობასა და გამჭირვალობაში - 2 ადგილით.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ კომპონენტში გაუმჯობესება დაკავშირებულია, 2014 წელთან შედარებით გაფორმების პროცედურების ეფექტიანობის ზრდასთან, ასევე ექსპორტისთვის საჭირო დროისა და დანახარჯის შემცირებასთან.

საქართველომ პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა ასევე სატრანსპორტო სერვისებისა და მათი ხარისხის კომპონენტში.

”აღნიშნული კომპონენტის გაუმჯობესება დაკავშირებულია გადაზიდვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ტარიფის შემცირებასთან, ასევე საფოსტო მომსახურების ეფექტიანობის ზრდასთან. 5 ადგილით გაუმჯობესდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მათი ხარისხის კომპონენტი, რადგან გაუმჯობესდა ელექტრონული კომუნიკაციების მოცვის მაჩვენებელი (მობილური ტელეფონების მოსარგებლეთა რაოდენობა), ასევე გაიზარდა სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხარისხი და რაოდენობა. 17 ადგილით გაუმჯობესდა ოპერაციული გარემოს კომპონენტი. აღნიშნული წინსვლა დაკავშირებულია საკუთრების უფლების დაცვის მიხედვით საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან (111 ადგილიდან 64-ე ადგილამდე), ასევე გაუმჯობესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა ( 25 დან 20-ე პოზიციამდე) და ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე წვდომის მაჩვენებელი”, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო იყო და არის ლიდერი ევრაზიის ქვეყნებში, როგორც 2014 წელს (მაშინ ბოლო ადგილზე იყო რუსეთი), ისე 2016 წელსაც (ბოლო ადგილზეა ყირგიზეთი).

“საქართველო განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას რეგიონში და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოს პოზიცია რეიტინგში 5 ერთეულით უმჯობესდება 41-ე პოზიციამდე, მაშინ როდესაც რეგიონში წინსვლა ამ მხრივ არ შეინიშნება. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ინდექსის ყველა კომპონენტში ტრანსპორტის გარდა“, - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში, რომლის თარგმანსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ინდექსის ზოგადი შედეგები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის შეფასებასთან, რომლის მიხედვით ასევე უმჯობესდება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის ხარისხი და პოტენციალი.

”ბიზნესის კეთების ინდექსის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია საზღვრებს მიღმა ვაჭრობის კომპონენტში წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა და დაიკავა 54-ე ადგილი, როდესაც 2016 წელს 62-ე ადგილს იკავებდა. 2017 წლის რეიტინგში ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტის და იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო დრო და ხარჯები”, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.