პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც კანდიდატურების მოსმენას ხვალ გეგმავს.

პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები.

მათ კომიტეტს საკუთარი ხედვები გააცნეს და უპასუხეს კითხვებს, რომლებიც საფონდო ბირჟების განვითარებას, ონლაინსესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვარის დაწესებას, ფინანსური სექტორის რეგულირებას და ბანკების მხრიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვას ეხებოდა.