კახა ოქრიაშვილი - დღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინია

დღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინია, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შეხვედრისას გააკეთა.”ამ შემთხვევაში ბიზნესი არის კურდღელი, რომელიც მიდის მგელთან და ეუბნება: - მომეცი სტაფილო და მომავალში დაგიბრუნებ. როგორ ფიქრობთ, მისცემს მგელი სტაფილოს კურდღელს?!”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

საპარლამენტო უმარავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ”აწარმოე საქართველოსთან” დაკავშირებული საკითხი.

”ბანკები თავად ქმნიან და თავისსავე ფულზე სახელმწიფოსგან იღებენ ფულს. მე თუ მკითხავთ, ეს არის ფულის მოპარვა ბიუჯეტიდან - საკუთარ ფულში ფულის მოპარვა”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ საკომიტეტო მოსმენისას.

ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები წარუდგინა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მათი მოსმენა გაიმართა.