ეკონომიკის სამინისტროში თუშეთში ეროზიასთან ბრძოლისა და საძოვრების მართვის საკითხები განიხილეს

თუშეთში საძოვრების მართვასა და ეროზიასთან ბრძოლაში დისტანციური ზონდირების ინსტრუმენტების გამოყენების საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც  სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე ითქვა, რომ სამინისტრო მიესალმება GIZ-ის ხელმძღვანელობით ქართველი ექსპერტების მიერ, ეროზიის რისკისა და საძოვრების ხარისხის შესაფასებლად დისტანციური ზონდირების ინსტრუმენტების შემუშავებას.

როგორც აღინიშნა, ეს ინსტრუმენტები უკვე გამოყენებულია საპილოტე ტერიტორიაზე - თუშეთში, გომეწრის ხეობაში.

სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ორივე ინსტრუმენტი შეიძლება შეთავაზებულ იქნას და დაინერგოს ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში გამოსაყენებლად.

”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2016 წლის 10 ნოემბერს გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), რომლის მიხედვით მხარეებმა აღიარეს ქვეყნის სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების როლი, ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

მემორანდუმი მხარეებს დაეხმარება ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაში საქართველოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ჩამოყალიბების საკითხებში, რაც განაპირობებს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კომპლექსურ ინტეგრაციას.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის, ასევე 12 სოფლის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის თანამშრომლობა ქვეყნის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის კონტექსტში პირველად ხორციელდება”, - აცხადებენ სამინისტროში.