საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს

დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით „რედისონში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საგზაო უსაფრთხოება, ეს არის გამოწვევა, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და ყველა რესურსის გაერთიანებას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სათანადო დონის საგზაო უსაფრთხოება. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ტარდება, მიზნად ისახავს იმ მაკოორდინებელი როლისა და სისტემის გაცნობას დამსწრე საზოგადოებისთვის, რომელიც შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ჩვენ ეროვნული სტრატეგიების ფარგლებში შევქმენით უწყებათაშორისი კომისია და ასევე ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობას უკვე შეუდგა და სწორედ ამ სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, წლის ბოლოს მთავრობას წარუდგენთ საგზაო მოძრაობის, საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმას“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეები საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტს, საგზაო სექტორის ფინანსირებისა და მწვანე სატვირთო გადაზიდვების საკითხებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მრავალი უწყების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს, რადგანაც მაღალი დონის საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ქვეყანაში არსებობს სათანადო ინსტიტუციონალური მოწყობა, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები, საგზაო მოძრაობის გათვითცნობიერებული მონაწილეები, სათანადო დონის გადაუდებელი სასწრაფო დახმარება და სხვ.

კონფერენციის მონაწილეების განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის ამოცანებია საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება და შემდგომი ანალიზის/შეფასების ინსტრუმენტების განვითარება, საგზაო მოძრაობის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება, ცნობიერების ამაღლება, მძღოლების კვალიფიკაციისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის ამაღლება, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოების გაუმჯობესება, სამედიცინო სერვისის დონის ამაღლება და ა.შ.

უწყების ცნობით, ამ ყველაფრის მისაღწევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული იქნა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

სამოქმედო გეგმის შემუშავება განხორციელდა მსოფლიო ბანკის დახმარებით 2015 წელს მომზადებული საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის ივლისში დამტკიცდა).

„აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხორციელება მოამზადებს ნიადაგს, რათა საქართველო თანდათან შეუქცევადად დაადგეს იმ მოწინავე ევროპული ქვეყნების გზას, სადაც საგზაო უსაფრთხოების საკითხები ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი და ამ სფეროში საუკეთესო მაჩვენებლები გააჩნიათ. ღონისძიების მეორე უმნიშვნელოვანეს საკითხს საავტომობილო გზების ფინანსირების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგია ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რადგანაც საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.