პოლონეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავის მე-9 საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში

პოლონეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავის მე-9 საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში - „The 9th International Charity Bazaar 2016“.როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, საერთაშორისო ბაზრობა პოლონეთში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, პოლონეთის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ბაზრობაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, კონიაკი, ლუდი, მინერალური წყალი, ტრადიციული ქართული სამზარეულო. ქართულ კუთხეში ასევე, გამოფენილი იყო ხელნაკეთი სუვენირები, რომელიც საელჩოს „ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის“ ხელშეწყობით გადაეცა. ქართულმა პროდუქციამ პოლონურ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერ-დუდა ქართულ სტენდს პირადად ეწვია და წარმოდგენილი პროდუქცია შეისყიდა.

საქართველოს საელჩოს მხრიდან აღნიშნული ღონისძიების სპონსორები იყვნენ რესტორანი „Tbilisi“, კომპანიები: „MARANI 1915 Sp. z o.o.“, „PIASTPOL“ და „TAMADA Sp. z o.o.“. შემოსული თანხა პოლონეთის რესპუბლიკაში არსებულ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცა.