სასტუმრო The Biltmore hotel Tbilisi-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

7-8 დეკემბერს, სასტუმრო The Biltmore hotel Tbilisi-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართება.

ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი მომავალი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას აძლევს კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

წლევანდელ ფორუმს 800 მონაწილე დაესწრება, მათ შორის ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებელი. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთისა და იტალიის სხვადასხვა ქალაქების მერები.

ფორუმი სახელწოდებით - „თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის“ სამდღიანია. მასში გაერთიანებულია 12 თემატური სესია: „გონიერი ქალაქები“, “მწვანე ქალაქები”, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები.

2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხია და საფუძველს ქმნის “გონიერი” და მოქალაქეების ჩართულობით ფორმირებული ქალაქების ჩამოყალიბების მიმართულებით.

ფორუმის მონაწილეები არიან სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.

ფორუმის სპონსორები არიან კომპანია სარაჯიშვილი, კომპანია მასტერ ქარდი. მედია მხარდამჭერები: Bpn.ge, Ipn.ge, Forbes Georgia, Caucasus Business Week, Georgia Today, Where.ge, ბანკები და ფინანსები, გადაცემა „საქმიანი დილა“.