ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 1 700 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სასარგებლოდ, მის დაქვემდებარებაში არსებულ სატყეო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის უკანონოდ მოპოვება და მოჭრილი ხის მასალის ტრანსპორტირება, ისე რომ არ განუხორციელებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი პროცედურა“.

საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.