მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ერთბაშად 10%-ით გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთბაშად 10%-ით გაიზარდა.

"ბიბისის" ინფორმაციით,  „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა 10%-ით მოიმატა და ბარელზე 51,94 დოლარი შეადგინა, 9%-ით გაძვირდა აშშ-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 49,53 დოლარია დღევანდელი ვაჭრობის შედეგად.

"შავი ოქროს" გაძვირება ვენაში, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკ)  სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმად დღე-ღამეში ნავთობის მოპოვება 1,2 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

ოპეკ-ი დღე-ღამეში 33,6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს და, შესაბამისად, მოპოვება 4,5 %-ით მცირდება. მთელ მსოფლიოში კი ნავთობის მოპოვება დაახლოებით 1%-მდე შემცირდება.

2008 წლიდან დღემდე ეს ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების პირველი შემთხვევაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ბინ სალეჰ ალ-სადმა განაცხადა, რომ რუსეთი დღე-ღამეში ნავთობის 300 ათასი ბარელით შემცირებას დათანხმდა.

იმ ქვეყნებმა, რომლებიც ოპეკ-ში არ არიან გაწევრიანებული, ნავთობის მოპოვება 600 ათას ბარელამდე უნდა შეამცირონ. გამოდის, რომ რუსეთი ამ მოცულობის ნახევრის შემცირებას იღებს საკუთარ თავზე.