გატაცებული 200 000 დოლარი და პარაშუტით გაუჩინარებული დამნაშავე - 45 წლის მანძილზე გაუხსნელი დანაშაული

1971 წელს აშშ-ში მომხდარმა უნიკალურმა სისხლის სამართლის დანაშაულმა, მსოფლიო კრიმინალისტურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. მას შემდეგ თითქმის ნახევარმა საუკუნემ განვლო, თუმცა ვერც პოლიციამ და ვერც გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა 200 000 დოლარის გამტაცებლის კვალს დღემდე ვერ მიაკვლია.

1971 წლის 24 დეკემბერს ქალაქ პორტლენდის აეროპორტში მამაკაცმა, რომელიც ავიაკომპანია Northwest Airlines-ის წარმომადგენელს დი ბი კუპერად გაეცნო, 20 დოლარად ქალაქ სიეტლამდე ბილეთი შეიძინა. იმ დროს აშშ-ში შიდა რეისებზე უსაფრთხოების არანაირი ზომები არ არსებობდა. მგზავრებს არც საბუთებს თხოვდნენ და არც ბარგს უმოწმებდნენ.

შავ ლაბადაში გამოწყობილი, საშალო აღნაგობის კუპერი Boeing 727-ის ბორტზე ავიდა და ადგილი თვითმფრინავის კუდში დაიკავა. აფრენიდან 8 წთ-ში მან ბორტ-გამცილებელ ფლორენს შაფნერს კონვერტი მიაწოდა და მისი წაკითხვა სთხოვა - "ქალბატონო, მე ჩანთაში ბომბი მაქვს და მას ავამოქმედებ, თუ საჭიროდ ჩავთვლი. გთხოვთ, ჩემს გვერდით დაჯდეთ". შეშინებულმა შეფნერმა კუპერის მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულა.

თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაცია მიწაზე დაუყოვნებლივ გადასცეს. სიეტლის აეროპორტში, სადაც თვითნფრინავი უნდა დაშვებულიყო, პოლიციას და გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტებს მოუყარეს თავი. სანამ თვითმფრინავი მიფრინავდა, კუპერმა მოთხოვნები წამოაყენა. გამტაცებელმა 200 ათასი დოლარი და 4 პარაშუტი მოითხოვა. საკუთარი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თვითმფრინავის აფეთქებით დაიმუქრა. ქაღალდზე დაწერილი ორივე მოთხოვნა ბორტ-გამცილებელმა პილოტებს წაუღო. საგულისხმოა, რომ შემდგომ კუპერმა ეს ქაღალდები უკან მოითხოვა. როგორც ჩანს, გამტაცებელს არ უნდოდა, რომ პოლიციას მისი ხელნაწერის ნიმუში ჰქონოდა.

ამერიკის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში დი ბი კუპერი პირველი იყო, ვინც თვითმფრინავი ფინანსური გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა.

სიეტლში თვითმფრინავის დაშვების მომენტისთვის მოთხოვნილი 200 ათასი მზად იყო. თანხის გადაცემამდე პოლიციამ ყველა 20 დოლარიანი ბანკნოტის ნომერი ამოიწერა.

დაშვების შემდეგ 36-მა მგზავრმა, რომელმაც გატაცების შესახებ არაფერი იცოდა, ავიალაინერი დატოვა. მიწაზე ჩასვლის უფლება კუპერმა კიდევ ორ ბორტ-გამცილებელს მისცა. ორივე პილოტი, ბორტ-ინჟინერი და ერთი ბორტ-გამცილებელი კი მძევლად დაიტოვა. ოთხი პარაშუტის მოთხოვნის შემდეგ პოლიცია ეჭვობდა, რომ ბორტზე დარჩენილი ეკიპაჟის წევრები კუპერის თანამზრახველები იყვნენ. თუმცა შემდგომ ეს ვერსია არ დადასტურდა.

საწვავით გაწყობის შემდეგ, ავიალაინერი ისევ აფრინდა და კუპერმა ბორტ-გამცილებელს პილოტების კაბინაში შესვლა სთხოვა. Boeing 727-ს კუდში საკუთარი ტრაპი აქვს (ისევე როგორც საბჭოურ Як-40-ს). ცოტა ხანში პილოტების კაბინაში ამ ტრაპის გაღების მაჩვენებელი ნათურა აინთო. გამტაცებელმა ზურგზე პარაშუტი მოიკიდა, 200 000 დოლარით გატენილი ჩანთა აიღო და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. მას შემდეგ ის აგერ უკვე 45 წლის განმავლობაში არავის უნახავს.

კუპერის მოსაძებნად აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამძებრო ოპერაცია ჩატარდა. კუპერს პოლიცია, გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტები და ეროვნული გვარდია ეძებდა. ოპერაციაში ათეულობით შვეულმფრენი და თვითმფრინავი ჩართეს. რამდენიმე კვირიანი სკურპულოზური ძებნის მიუხედავად, კუპერს ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს ვერ მიაკვლიეს. ის უბრალოდ გაქრა.

1980 წელს, კუპერის გაუჩინარებიდან 10 წლის თავზე პორტლენდიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე კოლუმბია-რივერის ნაპირზე მამა-შვილმა, ჰაროლდ და ბრაიან ინგრემებმა გახუნებული და წყლით დაზიანებული 20 დოლარიანების შეკვრა იპოვეს. განძის შესახებ მათ დაუყოვნებლივ პოლიციას შეატყობინეს. სერიული ნომრების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ეს სწორედ ის 20 დოლარიანი ბანკნოტები იყო, რომლებიც 10 წლით ადრე პოლიციამ გამოსასყიდის სახით დი ბი კუპერს გადასცა.

ნაპოვნმა ფულმა (სულ 5 800 დოლარი) პოლიციელები მორიგ ჩიხში შეიყვანა. ბანკნოტები პირვანდელი ძიების ადგილიდან 30 კმ-ის მოშორებით იპოვეს. მდინარის სანაპიროზე ორგანიზებული სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, პოლიციამ ვერაფერ ახალს ვერ მიაკვლია. გაჩნდა ვერსია, რომ პარაშუტით გადმოხტომის შემდეგ კუპერი მდინარეში დაიხრჩო. ნაპირზე ნაპოვნი ფული ამას ნაწილობრივ ადასტურებდა.

წლების განმავლობაში დი ბი კუპერის ისტორიამ მისტიური ხასიათი მიიღო. მასზე წერდნენ სტატიებს და წიგნებს, იღებდნენ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს. ამერიკელებს უყვართ ასეთი ისტორიები. ელეგანტურად ჩაცმულმა გამტაცებელმა მთელი ამერიკა აალაპარაკა.

2016 წელს გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა დი ბი კუპერის საქმის გამოძიება ოფიციალურად შეაჩერა და აქტიური თანრიგიდან ამოიღო. თუმცა თავად საქმე არ დახურულა.

ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს იმდროინდელი 200 ათასი 1 170 000 დოლარის ექვივალენტია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE