ბევრი მანქანა, რომელიც დღეს საქართველოში დადის, ნაგავსაყრელზე მოსროლის ღირსია

ვალუტის კურსის ცვლილება ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე ნეგატიურად აისახა, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილების რეალიზება.

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი ავტოდილერები, რას ფიქრობენ ისინი ტექდათვალიერების შემოღებასა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით. ”ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელ დირექტორთან დავით გოგორიშვილთან.

- ბატონო დავით, რა ვითარებაა საავტომობილო ბიზნესში, რა გამოწვევების წინაშე დგას ეს ბიზნესი?

- დღეს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რადიკალურად სხვა გარემოა, ვიდრე წლების წინ. თავისუფლებისა და დაცულობის შეგრძნება მაღალია. ეს სიტუაცია ბიზნესმენს რეინვესტირებისა და საქმიანობის გაფართოების დამატებით მოტივაციას აძლევს. ძირითადი პრობლემა კი ეკონომიკის სიმწირე და მისი არასტაბილურობაა. აუცილებელია ეკონომიკის უფრო სწრაფი და მასშტაბური ნაბიჯებით ზრდა. ხელისუფლება ისეთ საკანონმდებლო ბაზარს ქმნის, რომ უცხოელ ინვესტორს დიდი ინტერესი უჩნდება ქვეყნის მიმართ. ადგილობრივი ბიზნესმენები კი რეინვესტირებით არიან დაინტერესებული. ამ პროცესებს უფრო წაასახალისებს, თუ ეკონომიკა დასატაბილურდება. დამატებით ავტობაზრის პრობლემები შემდეგია: ბაზარი მწირია, არ გვაქვს რეგულაციები და არათანაბარ პირობებში გვყავს დიდი კონკურენტი მეორადი ავტომობობილების სახით.

- როგორ ახერხებთ ამ კონკურენციასთან გამკლავებას?

- მეორადი ავტომობილები საკმაოდ მტკივნეული თემაა ჩვენთვის. სახელმწიფოს ამ მიმართულებით საერთოდ არ აქვს რეგულაციები. ქვეყანაში დაბეგვრის ერთიანი სისტემა მოქმედებს. ეს კი ახალი ავტომობილების ბაზრის ზრდას ხელს უშლის. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ახალ და მეორად ავტომობილებზე დაბეგვრის სხვადასხვა ფორმა ვრცელდება. ვიმედოვნებთ, რომ რაღაც პერიოდში ჩვენი სახელმწიფოც დაინახავს აუცილებლობას, რომ ჩვენი ბაზარიც მოექცეს გარკვეულ რეგულაციებში. ბევრი მანქანა, რომელიც დღეს საქართველოში დადის, ნაგავსაყრელზე მოსროლის ღირსია.

- ტექდათვალიერებაზე რას ფიქრობთ? როგორ უნდა მოხდეს სისტემის დანერგვა?

ტექდათვალიერება აუცილებელია. სახელმწიფომ კონკრეტული მესიჯები გამოაქვეყნა ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება. გადამწყვეტია, რომ რეგულაციები დაწესდეს. ტექნიკურად გაუმართავი მანქანა მეტი რისკის მატარებელია და მეტი ავარიის საფუძველია. სახელმწიფო აქტიურად ავითარებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ელემენტარულია, რომ როდესაც ვიზიტორების ნაკადს ვღებულობთ, მათ სატაქსო მომსახურებაც შესაბამისად მივცეთ და ქუჩაში მოძრაობა არ იყოს საშიში.

მეორე მხრივ, რეგულაციები, რაც უნდა პოზიტიური იყოს ის, საზოგადოების ნაწილში მაინც გამოიწვევს უკმაყოფილებას. ზოგს საშუალება არ აქვს, რომ უფრო ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინოს. მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ცხოვრობს ამ პირობებში და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ განსაკუთრებული, ახალი მექანიზმი შევიმუშაოთ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო იქნება ვალდებული, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად გაააქტიუროს, კომფორტული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. ძალიან სასიხარულოა, რომ კარგად განვითარებული მეტრო გვაქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება უნდა იყოს პრიორიტეტი ტექდათვალიერების მექანიზმების ამუშავებასთან ერთად.

- თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. რამდენად არღვევს მოძრაობის უსაფრთხოებას შერეული ტიპის ავტომობილების არსებობა?

-ჩემი აზრით მარჯვენასაჭიანი ავტომობილები უნდა აიკრძალოს. პირადად ჩემთვის, როგორც მძღოლისთვის ამდენი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის არსებობა დიდი დისკომფორტია. ისინი ბევრ ავარიულ მდგომარეობას ქმნიან. მე, როგორც მძღოლი, არ ვარ მზად რომ გავრისკო და მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ვიარო.

ქვეყნებშიც, სადაც გამართული რეგულაციები არსებობს, მსგავსი პრაქტიკა არ გვხვდება. საგზაო წესები მორგებულია ან მარჯვენასაჭიან, ან მარცხენასაჭიან ავტომობილებზე.

- ზოგადად, საქართველოში არსებულ ავტოპარკს როგორ შეაფასებთ?

- საქართველოში ავტოპარკის მოცულობა დიდია. მილიონ 150 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული ანუ ყოველ მესამე ადამიანს ავტომობილი ყავს. ასეთი პროპორცია ბევრ ქვეყანაში არაა. აქ ეკოლოგიურ პრობლემებთან მივდივართ. მძაფრად უნდა გაიაზროს საზოგადოებამ, რომ თუ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია დაბინძურებულ გარემოს. უამრავი თვითდასაქმებული ადამიანია, რომელიც საქმიანობისთვის ავტომობილს იყენებს და ეს ერთგვარი გამართლებაა. მაგრამ აუცილებელია, რომ საკუთარ მომავალზე ვიზრუნოთ. ჯანსაღ გარემოში ცხოვრება აუცილებელია. ეს უნდა გახდეს საზოგადოების პრიორიტეტი.

- ავტომობილების ექსპორტს რომელ ქვეყნებში ახდენთ?

-ექსპორტი ხდება აფრიკულ ქვეყნებში, ჩინეთში, ირანსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში. აქტიური სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს ამ ქვეყნებთან. იქ ადგილობრივად გვყავს ჩვენი სავაჭრო პარტნიორები და მათთან კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის საშუალებით ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას მათ ბაზარზე ვახორციელებთ.

კავკასიის ქვეყნებში საერთოდ არ ვაწარმოებთ ექსპორტს, რადგან კრიზისი მთლიანად რეგიონშია. ადგილობრივი ბაზრის შემცირების ირიბი ფაქტორი რეგიონში არსებული კრიზისიც იყო. აზერბაიჯანსა და თურქეთსაც რთული პერიოდი აქვს. სომხეთი კი გაცილებით პატარა ბაზარია და მათთან საინტერესო არაფერი ხდება.

-იბერია ჯგუფში შემავალი ბრენდებიდან რომელია ყველაზე მოთხოვნადი?

-ჩვენს ჯგუფში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი არის ”კია”. აქ ხარისხი ფასთან მიმართებაში საკმაოდ კარგია. ასევე, საკმაოდ კარგად ვყიდით ”შკოდას” ავტომობილებს კორპორაციულ ქსელზე. ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ ფასი ხარისხთან მიმართებაში კარგი აქვს. მიმდინარე წელს მოთხოვნა გაიზარდა ”აუდიზე” . ზოგადად, ახალი ავტომობილების ბაზარი მწირია. სულ 4 000-მდე ავტომობილია გაყიდული მიმდინარე წელს.

-ახალ ავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდისთვის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც ხომ არაა საჭირო?

-მთავარი ბარომეტრია, რომ ეკონომიკა უნდა გაზირადოს და დასტაბილურდეს. მანქანა ფუფუნების საგანია და ადამიანს უნდა ქონდეს რესურსი, რომ სასურველი ავტომობილი შეიძინოს. საკანონმდებლო რეგულაციებს აკისრია ამ მხრივ გადამწყვეტი როლი. ნებისმიერი ევროპელი მყიდველიც განიხილავს მეორად ავტომობილებს. მაგრამ მას იმპორტის დროს ბარიერი ექმნება და ხვდება, რომ მეორადი ავტომობილის დაბეგვრა გაცილებით ძვირია. ექსპლუატაციის დროს მომსახურების და შენახვის ხარჯიც საკმაოდ დიდია. ამ პირობების გათვალისწინებით მყიდველი ხვდება, რომ მეორადი ავტომობილის შეძენა არ უღირს.

- როგორია თქვენი რჩევები და რეკომენდაციები სფეროს განვითარების კუთხით?

პირველ რიგში, ჩვენს ბაზარს რეგულაცია და კარგი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. მომხმარებელს ახალი ავტომობილის შეძენის სტიმული უნდა მიეცეს. ახალი ავტომობილების ბაზარს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება სტიმული, რომ გაიზარდოს. ხელისუფლებამ საკმაოდ კარგი რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა შექმნა ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით. რეგიონში ცალსახად ლიდერები ვართ. ბევრი ქვეყანა ვერ მუშაობს ამ პირობებით. ამისთვის მადლობას ვუხდით, მაგრამ ადგილობრივი ბაზრის ზრდისთვისაც საჭიროა მათი მხრიდან რეგულაციები გატარდეს.

ნანა მღებრიშვილი